ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მთავრობაში სტრუქტურულ რეორგანიზაციაზე კანონპროექტის ინიცირება მოხდება. ცვლილებები პარლამენტში უკვე შესულია და მთავრობა დაჩქარებული წესით ითხოვს მათ განხილვას.
პროექტის მიხედვით, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების; კულტურისა და სპორტის; განათლებისა და მეცნიერების; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების; თავდაცვის; იუსტიციის; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; საგარეო საქმეთა; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის; ფინანსთა; შინაგან საქმეთა; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები.
ენერგეტიკის სამინისტროს ფუნქციებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შეითავსებს. ენერგეტიკის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა. ასევე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეცემა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ფუნქციები, ბუნებრივი რესურსებისა და სასარგებლო წიაღისეულის მართვის მიმართულებით.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (გარდა სასარგებლო წიაღისეულისა) გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროში ერთიანდება.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი ახალგაზრდობის საქმეთა მართვის მიმართულებით (მათ შორის ცენტრალური აპარატის შესაბამისი ნაწილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის შესაბამისი იურიდიული პირები) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაეცემა, ხოლო სპორტის მართვის მიმართულება კულტურის სამინისტროს გადაეცემა, რომელიც კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელწოდებით ყალიბდება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.
კომენტარები