სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის გაჩენისა და ევაკუაციის დაწყების დროს, თვითმხილველების თქმით, შუქი გამორთული არ იყო და ის მოგვიანებით გაითიშა. სასტუმროს ზოგიერთი პერსონალის თქმით, შუქის გათიშვამ ლიფტისა და ნომრის კარების პარალიზება გამოიწვია. ინფორმაციას გაზეთი „ბათუმელები“ ავრცელებს.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბათუმის ფილიალის წარმომადგენლის თქმით, კი კომპანიას შუქი ხანძრის გამო არ გამოურთავს და ის ადგილზე, სასტუმროში გათიშეს.
„ელექტროენერგია ითიშება, მაგრამ ავარიულ განათებას და სახანძრო დანადგარებს რაც შეეხება, ასეთ დროს მუშაობს ცალკე რეჟიმი. სასტუმროს საევაკუაციო გზებში ავარიული განათება იყო, თუმცა ძლიერი დაკვამლიანების გამო ეს ავარიული განათება არ იყო საკმარისი და მეხანძრეებს სპეციალური ფანრების გამოყენება დაგვჭირდა. ცეცხლსაქრობი ბალონები ხელმისაწვდომ ადგილებზე კი იყო, მაგრამ მეხანძრეებს არ გვისარგებლია, რადგან გვქონდა წყლის ჭავლი და სხვა საშუალებები“, – ამბობს ერთ-ერთი მეხანძრე.
კომენტარები