საპატრიარქოს მდივნის დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, პატრიარქი მიიჩნევს, რომ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრის ფუნქციები უნდა გაიწეროს და ამის შემდგ უნდა გასაჯაროვდეს. დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი მეუფე შიოს წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებსაც გამოეხმაურა.
„უწმინდესს ვუთხარი, რომ მედია დაინტერესებულია ამ საკითხით და ვთხოვე, რომ იქნებ რამდენიმე სიტყვა ეთქვა, რა მიმართულებებზე გაამახვილებს ყურადღებას მეუფე შიო და მისი უწმინდესობა რა მიმართულებებზე დაავალებს მუშაობას. უწმინდესმა ბრძანა, რომ ჯერ ნაადრევია ამაზე საუბარი, ამ რამდენიმე დღეში ჩამოვყალიბდებით, წერილობით გავწერთ ყველაფერს და შემდეგ მედიისთვის ამას საცნაურს გავხდითო.
არაფერს არ ნიშნავს ის, რომ მეუფე შიომ განათლება მიიღო რუსეთის ფედერაციაში, იქ არის ძლიერი საღვთისმეტყველო კერები და ამის აუცილებლობა და საშუალება თუ იქნება, მეც სიამოვნებით მივიღებ იქ განათლებას, იმიტომ, რომ ჩვენ სხვა გასაქანი და წასასვლელი არ გვქონდა. ერთადერთი საბერძნეთია, სადაც ძალიან ნაკლებად ხვდებიან ჩვენი სასულიერო პირები განათლების მისაღებად.
აბა რომ არ ყოფილიყო განათლება მიღებული, არ იყოს მეუფე შიო თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, არ ჰქონდეს ტიხონის სახელობის ინსტიტუტი დამთავრებული, მაშინ ალბათ ვიტყოდით, პატრიარქის კანდიდატურაა მეუფე შიო და რატომ არ აქვს მას განათლებაო.
მე ვიცი, რომ მეუფე შიო იქნება ერთერთი კანდიდატურა საკათალიკოსო ტახტზე, მაგრამ ეს ალბათ დიდი ხნის შემდეგ, რადგან ჩვენ მის უწმინდესობას დიდხანს და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ“,-განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.
კომენტარები