ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ზაზა ჩაჩანიძე აირჩიეს. გვიანობამდე გაგრძელდა კომისიების დაკომპლექტება, სხდომას მხოლოდ ოპოზიციის წევრები ესწრებოდნენ. კომისიები მხოლოდ ოპოზიციის წევრებით დაკომპლექტდა, თუმცა მოგვიანებით, თითო-თითო წევრად მმართველი პარტიის წარმომადგენლები დაამატეს.
„ჩვენ გვქონდა წარდგენილი ჩვენი პროგრამა, ერთად ვართ ოპოზიციური ძალები, მათაც აქვთ ქალაქის განვითარების ხედვები. აუცილებლად, იმ სასიკეთო გეგმებს, რომელიც იქნება ყველაზე მისაღები, პროექტებს გავატარებთ და წარვუდგენთ ჩვენს მოსახლეობას“,-განაცხადა ჩაჩანიძემ.
შეგახსენებთ, გუშინ დაპირისპირების გამო საკრებულოს პირველი სხდომა რამდენჯერმე შეწყდა. „ქართული ოცნების“ წევრებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს. საკრებულოში კომისიების დაკომპლექტება ოპოზიციამ დამოუკიდებლად გააგრძელა. სხდომის დღის წესრიგში კომისიების დაკომპლექტების საკითხი შეტანილი არ იყო, რამაც ოპოზიციაში გააჩინა ეჭვი, რომ „ქართული ოცნება“ დროის მოგებას ცდილობდა.
კომენტარები