ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ დღეს თბილისის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გახსნა. თამარ ჟვანიამ მეექვსე მოწვევის საკრებულოს წევრებს სიტყვით მიმართა და 21 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოთა არჩევნები შეაჯამა.
„მოგესალმებით და პირველ რიგში გილოცავთ 2017 წლის 21 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოთა არჩევნებში გამარჯვებას და თბილისის საკრებულოში არჩევას. თქვენ წინ მნიშვნელოვანი და გამოწვევებით სავსე სამუშაო წლები გელით. ყველა თქვენგანს წარმატებებს გისურვებთ თქვენი საქმიანობის განხორციელებაში!
საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად საქართველოს დედაქალაქის – თბილისის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა მოიწვია საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და მე, როგორც ცესკოს თავმჯდომარეს, მაქვს პატივი გავხსნა დედაქალაქის საკრებულოს პირველი სხდომა.
დღევანდელი დღე შედეგია იმ თავდაუზოგავი შრომის, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ გაწია ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე. ადმინისტრაციამ შეძლო ყველა პირობის შექმნა იმისთვის, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეძლებოდა მშვიდობიან გარემოში საკუთარი არჩევანის თავისუფლად განხორციელება. ჩვენ წარმატებით ჩავატარეთ საორგანიზაციო თვალსაზრისით ყველაზე რთულად ადმინისტრირებადი არჩევნები, რომელიც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა უკვე შეაფასეს, როგორც მნიშვნელოვანი საარჩევნო პროგრესი და კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების კუთხით.
21 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების შედეგად როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით არჩეულია 64 საკრებულოს 2058 წევრი და პირდაპირი წესით პირველ ტურში 64-დან არჩეულია 58 მერი. უახლოეს დღეებში ასევე, ოფიციალურად გამოვაცხადებთ არჩევნების მეორე ტურში გამოვლენილ 1 თვითმმართველი ქალაქისა და 5 თვითმმართველი თემის მერის არჩევნების შედეგებს და არჩეულ მერებს.
კომენტარები