გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კეთილი ნების ელჩი, სერბი კინორეჟისორი და მუსიკოსი ემირ კუსტურიცა ე.წ. აფხაზეთის კეთილი ნების ელჩებს შეუერთდა. ამასთან დაკავშირებით მუსიკოსს მოსკოვში სერტიფიკატი და მედალი გაუგზავნეს.
ინფორმაციას Sputnik-abkhazia ავრცელებს.
ცნობისათვის, საქველმოქმედო მოძრაობა “აფხაზეთის კეთილი ნების ელჩები” ჰუმანიტარული პროექტებით არიან დაკავებულები ჯანდაცვის, განათლებისა და სპორტის სფეროებში.
გამოცემის თქმით, კუსტურიცამ მხარი დაუჭირა კეთილი ნების ელჩების საქველმოქმედო ინიციატივას. კერძოდ, აფხაზეთში კულტურული ძეგლების დაცვის მიზნით მსოფლიო საზოგადოების ყურადღების მიქცევა.
“მე, როგორც გაეროს კეთილი ნების ელჩი, მხარს ვუჭერ აფხაზეთის კეთილი ნების ელჩებს. აფხაზეთში არსებული უძველესი ქრისტიანული ტაძრები უნდა შენარჩუნდეს და მომავალმა თაობამ ისინი უნდა იხილოს”, – თქვა კუსტურიცამ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების კეთილი ნების ელჩებმა იუნესკოსა და გაეროს კეთილი ნების ელჩებს ვიდეომიმართვა გაუგზავნეს და აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე უძველესი მართლმადიდებლური ეკლესიების შენარჩუნებაში დახმარება თხოვეს.
ვიდეომიმართვა შეგიძლიათ იხილოთ აქ
კომენტარები