ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე 2018 წელს იუნესკოს (UNESCO) ეგიდით გაიმართება. გადაწყვეტილება გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ პარიზში გენერალური კონფერენციის 39-ე სესიაზე მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერით მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
“1956 წლიდან იუნესკო აქტიურად მონაწილეობს ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში ისტორიული მოვლენების აღნიშვნაში, რაც თავის მხრივ ამ მოვლენებს მსოფლიო მნიშვნელობას ანიჭებს.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების მთელი ქვეყნის მასშტაბითა და საერთაშორისო დონეზე დაგეგმვისა და ორგანიზებისთვის შექმნილია სპეციალური სამთავრობო კომისია, რომლის თავმჯდომარეა საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. კომისიის შემადგენლობაში ასევე შედიან მინისტრთა კაბინეტის, პარლამენტის, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისა და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრები”-ნათქვამია უნივერსიტეტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები 2017 წლის დეკემბერში დაიწყება და მთელი მომდევნო წლის განმავლობაში გაგრძელდება.
კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი, რომელმაც ქართულ ენაზე სწავლებითა და ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების გათვალისწინებით, საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ევროპული ტიპის უმაღლეს სკოლას, 1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით, 8 თებერვალს) დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა.
“100 წლის იუბილეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ხვდება როგორც ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სასწავლო და სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულება, სადაც ყოველწლიურად 200–მდე ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო საგრანტო პროექტი ხორციელდება და 22 ათასამდე ქართველი და 600-მდე უცხოელი სტუდენტი სწავლობს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთადერთი უნივერსიტეტია არამარტო საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში, რომელიც 2018 წლის საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2%-ში შედის (The U.S.News&World Report).
დღეს თსუ-ში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებთან ერთად უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო, ასევე მოკლე და გრძელვადიანი სასერტიფიკატო პროგრამები ხორციელდება. უცხოეთის ქვეყნების უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე ყველა სტუდენტს შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს გაცვლით და ერთობლივ საერთაშორისო სასწავლო პროგრამებში და მოიპოვონ ორმაგი აკადემიური ხარისხი”-ნათქვამია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები