მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევის განცხადებით, რუსეთის მხარე მზად არის აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი ეკლესიის განხეთქილების აღკვეთაზე სამუშაო ჯგუფი აამოქმედოს. ამის შესახებ მიტროპოლიტმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან შეხვედრის დროს განაცხადა.
„აფხაზეთში ახალი არაფერია, ის ჯგუფი, რომელმაც დაიპყრო ახალი ათონის მონასტერი და თავი გამოაცხადა თითქმის ავტოკეფალურ ეკლესიად, პოზიციებს ისევ ინარჩუნებს. დიახ, მათ შორის მოხდა განხეთქილება, ეს ჯგუფი ახლა მოიხსენიებს მსოფლიო პატრიარქს და მათ თავი მიტროპოლიად გამოაცხადეს. უნდა ვიფიქროთ, როგორ დავარეგულიროთ სიტუაცია. უწმინდეს პატრიარქ კირილესთან თქვენს ბოლო შეხვედრაზე გადაწყდა, რომ აფხაზეთში არსებულ სიტუაციაზე სამსჯელოდ სამუშაო ჯგუფს შევქმნიდით. ჩვენ მზად ვართ შევუდგეთ მუშაობას, იმიტომ, რომ იქ ბევრი პრობლემაა, რაც გადაჭრას საჭიროებს, ველოდებით თქვენს პასუხს“,-განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონ ალფეევმა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა რუსეთის პატრიარქის ტიტულის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე მიწვევა მიიღო, ამ მიზნით საქართველოს ერთდღიანი ვიზიტით ეწვია რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი.
კომენტარები