„ევროპული საქართველოს“ წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, 28 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გამოაქვეყნებს გადაწყვეტილებას საქმეზე „ივანე მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“. კახიძის განცხადებით, ეს ინფორმაცია მას ევროპული სასამართლოს დიდი პალატიდან ცოტა ხნის წინ მიაწოდეს.
„ახლახან მივიღეთ წერილი ევროპული სასამართლოს დიდი პალატისგან, მათ მაცნობეს, რომ 28 ნოემბერს, 11:30 წუთზე, ქალაქ სტრასბურგში საჯაროდ გამოცხადდება გადაწყვეტილება საქმეზე „ივანე მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“. ეს არის უმნიშვნელოვანესი საქმე, რომელიც ეხება ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევის ფაქტს და ეს არის პირველი საქმე, სადაც აღნიშნულ საკითხზე იმსჯელა სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ. მე-18 მუხლის დარღვევის დადგენის შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს ივანე მერაბიშვილის გათავისუფლება ციხიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლებას ეყოლება დეკლარირებული პოლიტიკური პატიმარი.
28 ნოემბერს ქართული საზოგადოება და ევროსაბჭოს წევრი ქვეყნები შეიტყობენ იმის თაობაზე, დაირღვა თუ არა ვანო მერაბიშვილის სისხლის სამართლის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია“,-განაცხადა კახიძემ.
კომენტარები