საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ გიორგი მღებრიშვილს პარლამენტში მოსვლისკენ მოუწოდებს.
„მე გავიგე კოლეგის კომენტარი, რომ მინისტრი აპირებს პარლამენტში მოსვლას, ეს იქნება ძალიან დაგვიანებული, თუმცა კარგია, რადგან არსებობს ბევრი კითხვა გიორგი მღებრიშვილთან. ის არის მინისტრი, რომელიც პოლიციელთა ნაწილს ბალასტს ეძახის და სურს ქართული პოლიცია აქციოს ბიძინა ივანიშვილის პირად დაცვად და სწორედ ეს ვიხილეთ, როდესაც პატრული და პოლიცია თბილისის საკრებულოს შენობას იცავდა. ის სახალხო დამცველს ქურდულ სამყაროსთან გარიგებულს ეძახის და თავად ლავას ოღლის, კანონიერ ქურდს ათავისუფლებს და ატარებინებს არჩევნებს და ბოლოს აცილებს აეროპორტში წითელი ხალიჩით, თავად თქვენთვისაც სამარცხვინოა, რადგან აღიარებთ, რომ რუსმა პრანკერმა გააბითურა, როდესაც ჩაწერა თუ როგორ ეხვეწებოდა, რომ პოროშენკოს არ მოეხდინა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება. მისი მთავარი ამოსავალი წერტილი და საზრუნავი საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოებაზე ზრუნვაა კი არაა, არამედ ბიძინა ივანიშვილის ფობიების შემსუბუქება, რადგან მისი მთავარი ფობია მიხეილ სააკაშვილია.
მღებრიშვილის მინისტრობის პერიოდში საქართველო საერთაშორისო სკანდალში გაეხვა, როდესაც მოხდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცება. მღებრიშვილს არ აქვს არანაირი რეპუტაცია არც სისტემის შიგნით და არც მის გარეთ. მღებრიშვილი პარლამენტში ღიად აცხადებდა, რომ ის არ აპირებს გამოაქვეყნოს სტატისტიკა კრიმინალზე და უარყოფდა, რომ ქვეყანაში კრიმინალი იზრდება. ეს არის ფაქტი, რომელსაც გრძნობს საქართველოს თითოეული მოქალაქე.
ნუცუბიძეზე მომხდარი ფაქტი არაა ერთადერთი, როდესაც ძალიან საეჭვოდ ქრება ვიდეო ჩანაწერები. ეს საქმეებია: გელა ხვედელიძეზე თავდასხმა, აფგან მუხთარლის გატაცება, ელისო კილაძის შვილის პოლიციის მიერ ცემა, ეროსი კიწმარიშვილის სავარაუდო მკვლელობა, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა. როგორ ხდება, რომ მუდმივად ქრება ვიდეოჩანაწერები, რაზეც არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი?
საკონსტიტუციო უმრავლესობის წევრებო იქნებ თქვენ მოიწვიოთ ბატონი გიორგი მღებრიშვილი პარლამენტში, რადგან მისი არ მოსვლა სირცხვილი და დადასტურებაა იმისა, რომ ეს პარლამენტი სრული ბუტაფორიაა და მისი ერთადერთი ფუნქცია ივანიშვილის ერთგულებაა’’, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
კომენტარები