„ქართული მარშის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის კონსტანტინე მორგოშიას განცხადებით, გურამ კაშიას მიერ, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების კამპანიის ფარგლებში, მოედანზე ლგბტ დროშის სამკლაურით გასვლამ საზოგადოების უდიდეს ნაწილში მძაფრი რეაქცია გამოიწვია. ამის შესახებ მორგოშიამ „ხალხის პოლიტიკის“ ეთერში ისაუბრა.
„გასაგებია, რომ კაპიტნის სამკლაური გაიკეთა და ამით სოლიდარობა გამოუცხადა ლგბტ თემს, თუმცა ჩემთვის გასაოგნებელი იყო ამის შემდეგ მისი ქმედებები, გურამ კაშია რომელი ექვთიმე თაყაიშვილია, რომ გამოდის და აღნიშნავს იმას, რომ ჩემთან საქართველოში პროტესტი გამოხატა პატარა ნაწილმა. გურამ კაშიას ჰგონია, რომ საქართველოს დიდ ნაწილს მოსწონს ის, რომ საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანს უკეთია ლგბტ თემის სამკლაური. ჩემი პოზიცია, როგორც ქართველის და მართლმადიდებლის ასეთია, უნდა გამოვიდეს გურამ კაშია, მოიხადოს ბოდიში და ამის შემდეგ გააგრძელოს ნაკრებში თამაში“,-განაცხადა მორგოშიამ.
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტნის და ჰოლანდიის საფეხბურთო კლუბ „ვიტესის“ კაპიტნის გურამ კაშიას მიერ მოედანზე ლგბტ დროშის სამკლაურით გასვლას საქართველოში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანს თანადგომა გამოუცხადა.
„ქართული მარში“ გურამ კაშიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვს და ფეხბურთის ფედერაციასთან აქციის გამართვას გეგმავს.
კომენტარები