საკაბელო ტელევიზიების კავშირი „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანასა და „მასტ ოფერის“ აღდგენას ითხოვს. მათ ინიციატივით მიმართეს პარლამენტს, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილება შევიდეს, მათი თქმით, საკაბელო ოპერატორებმა ქართული საინფორმაციო ტელევიზიების შეთავაზება ანაზღაურების გარეშე უნდა მიიღონ. საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. ტელეკომპანია „იმედის“ იურისტი ანდრო ლაშხი მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოთხოვნა ალოგიკურია. მისი თქმით, მაუწყებელს უნდა ჰქონდეს უფლება, მის მიერ წარმოებული პროდუქტის სანაცვლოდ თანხა მოითხოვოს.
„მაუწყებლებს მათ მიერ წარმოებული პროდუქტის სანაცვლოდ, თანხის მოთხოვნის უფლება არ მიეცესო, ეს ყოველგვარ ლოგიკას არის მოკლებული, კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, იმიტომ, რომ ის 6 არხი, რომელზეც არის საუბარი, ყველა არის კერძო მაუწყებელი, ბიზნესოპერატორები ვართ ჩვეულებრივად, ვდებთ ძალიან ბევრ ფინანსურ და ადამიანურ რესურსს ჩვენი პროდუქციის შექმნისთვის. თუ ვინმეს უნდა ჩვენი პროდუქციის შეძენა და ამაზე ფულის გაკეთება, მოვიდნენ, დაელაპარაკონ კომპანიას, რომელზეც დელეგირებულია უფლება და გადაიხადონ ფული“,- განაცხადა „იმედის“ იურისტმა ანდრო ლაშხმა.
კომენტარები