ალბანეთის ქალაქ დურესში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ და 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრებმა ჯამში 27 მედალი მოიპოვეს, რაც მედლების რაოდენობის მხრივ საქართველოს ძალოსნობის ფედერაციისთვის სარეკორდო მაჩვენებელია.
ახალგაზრდებმა 5 ოქროს, 4 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით გუნდურ ჩათვლაში საუკეთესო შედეგი აჩვენეს, 23-წლამდელები კი 8 ოქროს, 4 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით მეორე ადგილზე გავიდნენ.
ასევე, აღსანიშნავია, რომ ევროპის ძალოსნობის ფედერაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, 2019 წლის ევროპის ჩემპიონატი, საქართველოში, ქალაქ ბათუმში გაიმართება, რაც საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის კიდევ ერთი აღიარებაა. საბოლოო კონტრაქტს საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია ევროპის ფედერაციასთან მას შემდეგ მოაწერს ხელს, რაც ბათუმს ევროპის ფედერაციის სადამკვირვებლო კომისია ესტუმრება.
ალბანეთიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტს, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ კახი კახიაშვილს და ასაკობრივი ნაკრებების წევრებსა და მწვრთნელებს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი სამინისტროში შეხვდა და წარმატება მიულოცა.
ორჭიდის ჯამში ევროპის ჩემპიონები გახდნენ – ახალგაზრდებს შორის რევაზ დავითაძე (85 კგ) – ატაცი ოქრო (165 კგ), აკვრა ოქრო (188), ორჭიდი ოქრო (353) და დავით ხეცურიანი (105 კგ) – ატაცი ოქრო (173), აკვრა ბრინჯაო (204 ), ორჭიდი ოქრო (377 კგ).
23-წლამდელებს შორის კი ანატასია გოტფრიდი (90 კგ.) – ატაცი ოქრო (123), აკვრა ოქრო (140), ორჭიდი ოქრო (263) და შოთა მიშველიძე (62 კგ.) – ატაცი ოქრო (134), აკვრა ოქრო (153) და ორჭიდი ოქრო (287).
კომენტარები