ესპანეთის პრემიერმინისტრმა მარიანო რაჰოიმ 21 ოქტომბერს, ქვეყნის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ კატალონიის ავტონომიის შეზღუდვის ფარგლებში კატალონიის რეგიონის მთავრობას და პარლამენტს დაითხოვს. ხოლო მათ უფლებამოსილებებს ცენტრალური ხელისუფლება შეასრულებს. ინფორმაციას El Pais-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ცენტრალური მთავრობის გადაწყვეტილებით, უკიდურესი ზომების ფარგლებში კატალონიის რეგიონული მთავრობის მეთაურმა, კარლეს პუიჩდემონმა, მისმა მოადგილემ და მთავრობის რამდენიმე წევრმა თანამდებობა უნდა დატოვონ.
„მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ საქმე აქამდე არ მისულიყო. თუმცა, კატალონიის მთავრობა დათმობაზე არ წამოვიდა და ცალმხრივი დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მაინც მოაწერა“, – განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, მარიანო რახოიმ.
აღნიშნული ზომა ესპანეთის კონსტიტუციის 155-ე მუხლით არის გათვალისწინებული, რომელიც ავტონომიის შეჩერებას ითვალისწინებს თუ რეგიონული ხელისუფლება კანონს არღვევს და ქვეყნის ინტერესებს ემუქრება.
აღნიშნული მუხლი 1978 წლიდან, მას შემდეგ რაც ესპანეთის დემოკრატიული კონსტიტუცია დაიწერა, ძალაში არ შესულა. ესპანეთის კანონმდებლობის თანახმად, ცალკეულ ავტონომიას არ აქვს უფლება რეფერენდუმი ჩაატაროს. სწორედ ამიტომ კატალონიის დამოუკიდებლობის ე.წ. რეფერენდუმი საკონსტიტუციო სასამართლომ არაკანონიერად ცნო, შესაბამისად, საყოველთაო გამოკითხვის შედეგი ოფიციალურმა მადრიდმა და ევროკავშირმა არ აღიარეს.
შეგახსენებთ, კატალონიაში რეფერენდუმი 1-ელ ოქტომბერს გაიმართა. ხმის მისაცემად საარჩევნო უბნებში დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა 42.3% გამოცხადდა, რომელთა 90%-მა მხარი დაუჭირა რეგიონის დამოუკიდებლობას.
კომენტარები