ცესკოში ალეკო ელისაშვილის წარმომადგენლის ივანე ნორაკიძის განცხადებით ,„ქართული ოცნების“ წარმომაგენლებს სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე იძულებით მიჰყავთ ამომრჩვნლები. ნორაკიძის განმარტებით, ამ ადამიანებს აქვთ სპეციალური საშვი, რომ ისინი არიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და სხვადასხვა საარჩევნო უბნებში.
„ჩვენი წარმომადგენლების მხრიდან დილიდან უკვე დაფიქსირდა ამომრჩევლების იძულებით მიყვანის ფაქტი, კერძოდ, „ქართული ოცნების“ კოორდინატორები სიებით დგანან და იწერენ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჰყავთ სიებში შეყვანილი და აიძულებენ, რომ ხმა მისცენ მათთვის სასურველ კანდიდატს. ეს ფაქტი გახლავთ ძალიან სერიოზული დარღვევა და საჭიროებს დაუყოვნებლივ რეაგირებას როგორც ცესკოს მხრიდან, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან.
დიდუბეში, უბანი 34, 35 და 36, სამი უბანია და სამივეგან დგანან კოორდინატორები, შავებში ჩაცმული მამაკაცები, არავინ არ იცის ეს ხალხი ვისი თანამშრომლები არიან. იგივე ფაქტი დაფიქსირდა ვაკეში 56-ე უბანზე. ათზე მეტი უბანია, საიდანაც ჩვენმა დამკვირვებლებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ იძულებით ხდება ხალხის მიყვანა წინასწარ შედგენილი სიების მეშვეობით“,-განაცხადა ნორაკიძემ.
კომენტარები