„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ (07:00-13:00) განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის დაკვირვებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები თბილისში ძირითად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
იმ უბნების აბსოლუტური უმრავლესობა, სადაც ორგანიზაციის სტატიკური დამკვირვებლები არიან განლაგებულნი, დროულად გაიხსნა.
„საერთაშორისო გამჭვირველობის“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა 50-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა. მათ მიერ დაიწერა 3 საჩივარი. მეტნაკლებად სერიოზული დარღვევებიდან აღსანიშნავია ამომრჩევლებზე არაპირდაპირი ზეწოლა საარჩევნო უბნებზე. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, თითქმის ყველა იმ უბანზე, სადაც მათი სტატიკური დამკვირვებლები არიან განლაგებულნი კომისიის რეგისტრატორ წევრებს თავზე ადგანან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლები, რომლებიც სამაგიდო სიებიდან აღრიცხავენ მოსულ ამომრჩეველს რიგითი ნომრებით. არასამთვრობოს განცხადებით, ამ მხრივ ძირითადად აქტიურობენ „ქართული ოცნებისა“ და „მემარცხენე ალიანსის“ წარმომადგენლები.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ცესკოს მოუწოდებს აღკვეთოს მსგავსი პრაქტიკა და ამ საქმით დაინტერესდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 250 ადგილობრივი დამკვირვებლით უწევს მონიტორინგს. ორგანიზაციის სტაციონარული დამკვირვებლები მხოლოდ თბილისის მასშტაბით 200 საარჩევნო უბანზე არიან გადანაწილებულნი. გარდა ამისა, თბილისში საარჩევნო პროცესებს 16 მობილური ჯგუფიც ადევნებს თვალს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ არჩევნების დღეს საარჩევნო მედიაცენტრში კიდევ ერთ პრესკონფერენციას გამართავს 20:30-ზე, რომელზეც წარმოდგენილი იქნება არჩევნების დღის დაკვირვების შუალედური შედეგები. 22 ოქტომბერს 11:30-ზე წარმოადგენილი იქნება საბოლოო შეფასება. საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლოა, გაკეთდეს დამატებით განცხადებებიც.
კომენტარები