სოფელ ყიზილაჯლოში, „ქართული ოცნების“ შტაბთან მომხდარ თავდასხმას იუსტიციის მინისტრი გამოეხმაურა. თეა წულუკიანის განცხადებით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და ამ ეტაპზე ვერსიებზე საუბარი ნაადრევია.
„არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ამ ეტაპზე, რაიმე ტიპის ვერსიებზე საუბარი, რადგან მიმდინარეობს გამოძიება, ვერავითარი პოლიტიზირება ამ საკითხის ვერ მოხდება, მარტო იქიდან გამომდინარე, რომ სტატუსი აქვს ერთერთ დაჭრილ პირს კანდიდატისა. ჩვენ ვფქრობთ, რომ ამ თემის არჩევნებთან და პოლიტიკასთან დაკავშირების გარეშე უნდა დავაკვირდეთ და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს“,-განაცხადა წულუკიანმა.
სოფელ ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების“ შტაბთან გუშინ საღამოს თავდასხმა მოხდა. შედეგად დაჭრილია ოთხი ადამიანი, მათ შორის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი, საკრებულოს მოქმედი დეპუტატი და მათთან ერთად მყოფი კიდევ ორი პირი. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
კომენტარები