ტერორიზმის გაზრდილი საფრთხის გამო, ევროპარლამენტი ევროპულ საბჭოსთან შენგენის ზონაში მგზავრობის წესების გასამკაცრებლად მოლაპარაკებებს იწყებს, ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
ამ წინადადებით საკანონმდებლო ორგანოს ევროკომისიამ მიმართა და ევროპარლამენტმა მოლაპარაკებების დასაწყებად მანდატი დღეს მიიღო. კენჭისყრა ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საკითხების კომიტეტში შედგა. რეგულაციას მხარი დაუჭირა კომიტეტის უმრავლესობამ.
ევროპარლამენტის მიერ მომზადებული ცვლილებების თანახმად, სამგზავრო ნებართვის აღება მოუწევთ მესამე ქვეყნის მოლაქეებს, რომლებიც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით სარგებლობენ და სავიზო ვალდებულებისგან გათავისუფლებული არიან.
გარდა ამისა, შენგენის ზონაში მგზავრობის მსურველებს მოუწევთ ელექტრონული ფორმის შევსება, სადაც მათ უნდა მიუთითონ დაბადების ადგილი და თარიღი, პასპორტის მონაცემები, სახელი, გვარი, ეროვნება, სქესი, საკონტაქტო ნომრები, საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაცია, მგზავრობის მიზანი და სად აპირებენ გამგზავრებას.
სამგზავრო ნებართვის აღების ღირებულება 10 ევრო იქნება. გადასახადისგან გათავისუფლებული იქნებიან სტუდენტები, ევროკავშირის მოქალაქეების ოჯახის ნათესავები, 18 წლამდე ასაკის პირები. ელექტრონული აპლიკაციის ავტორიზაცია 72 საათში მოხდება და მისი გამოყენების ვადა იქნება სამი წელი. მესამე ქვეყნების მოქალაქეების მონაცემს ევროპოლის, ინტერპოლის შენგენის საინფორმაციო სისტემის შესაბამისი ორგანოები შეამოწმებენ. განსაკუთრებულ შემთხვევებში მოხდება აპლიკანტის გასაუბრებაზე დაბარება. უარის მიღების დროს, სამგზავრო დოკუმენტის მიღების მსურველი პირი დეტალურ განმარტებას მიიღებს.
ეს არის ევროპარლამენტის მიერ მომზადებული წინადადებები, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გადაეგზავნებათ . არ არის გამორიცხული, რომ წევრმა ქვეყნებმა დამატებითი ცვლილებების განხორციელება მოითხოვონ. არ არის ცნობილი, თუ რა ვადა დასჭირდება მოლაპარაკებების დასრულებას.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით 60-ზე მეტი ქვეყანა სარგებლობს. ევროკომისიის მონაცემებით, 2020 წლისთვის სავიზო ვალდებულებისგან გათავისუფლებული ქვეყნებიდან შენგენის ზონაში 39 მილიონ ადამიანს ელოდებიან. შეთანხმები მიღწევის შემთხვევაში, ახალი სისტემის ყოველწლიური ღირებულება 85 მილიონი ევრო იქნება და შესაძლოა, 2020 წელს შევიდეს ძალაში.
ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ ახალი რეგულაციის მიღებაზე მსჯელობის მიზეზი ტერორიზმის გაზრდილი საფრთხეა.
წყარო: 1tv.ge
კომენტარები