დიდი ოდენობით, თაღლითობასა და ყალბი დოკუმენტის შენახვისათვის, გამოყენების მიზნით, არაერთგზის, ერთ-ერთი საადვოკატო ფირმის აღმასრულებელ დირექტორს ი.კ.-ს სასამართლომ სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
საქმე ეხება, 2016 წელს, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის, თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით გამოცხადებულ 2 ეტაპიან ტენდერს, რომელშიც ერთ-ერთმა თურქულმა კომპანიამ ვერ გადალახა ტენდერის პირველი ეტაპი და მიიღო დისკვალიფიკაცია. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულმა იცოდა, რომ დისკვალიფიცირებულ კომპანიას, ამავე ტენდერში გამარჯვების შანსი აღარ ჰქონდა, ბრალდებული თურქული კომპანიის დირექტორს ტენდერებში მონაწილეობისა და გამარჯვების გამოცდილების მქონე, კვალიფიციურ იურისტად გაეცნო და ტენდერის მოგებას დაჰპირდა. ზემოხსენებული მიზნით, გაფორმდა ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების შესახებ. ბრალდებულმა, განიზრახა მოტყუებით დაუფლებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ავანსის თანხას და ამ მიზნით, თურქული კომპანიის ტენდერში გამარჯვების თაობაზე, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის სახელით დამზადებული ყალბი წერილის საფუძველზე, კომპანიისგან 25 000 აშშ დოლარი, ხოლო სამ დღეში მოტყუებით, დამატებით 35 000 აშშ დოლარი მიიღო.
ღია სასამართლო სხდომებზე, ბრალდებულმა თავი არ სცნო დამნაშავედ.
სასამართლომ, მოწმეთა ჩვენებებისა და საქმეში წარმოდგენილი წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, დადგენილად მიიჩნია ი. კ.-ს მხრიდან, დიდი ოდენობით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შენახვის ფაქტი, გამოყენების მიზნით. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, დანაშაულთა ერთობლიობითა და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ირაკლი კ.-ს სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
კომენტარები