ძლიერი წვიმის შედეგად ქუთაისში საავტომობილო მოძრაობა თითქმის მთელ ქალაქში პარალიზებულია, დატბორილია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, რამდენიმე სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა და სასწავლო პროცესი შეწყდა. მოსწავლეები და პედაგოგები სკოლიდან მაშველებმა გამოიყვანეს. ქუთაისის მერის შოთა მურღულიას განცხადებით, ძლიერმა წვიმამ მდინარე ოღასკურა აადიდა, რამაც საცხოვრებელი სახლების სარდაფებისა და პირველი სართულების დატბორვა გამოიწვია.
„სტიქია არის და სანამ ეს ბუნებრივად წყლის დონე არ დაიწევს, ჩვენ აბსოლუტურად ყველა გასასვლელი გავუხსენით მდინარეს, მაგრამ ძირიათადად ღვარსადენებიდან მდინარეში ჩაედინება და მდინარის დონე იმდენადაა აწეული, რომ პრაქტიკულად რაიმე საუშაოს ჩატარება შეუძლებელია. ქუთაისში ამ დონის ნალექი 12 საათში ალბათ ბოლო 20 წლის განმავლობაში არავის ახსოვს. მთლიანად გავწმინდეთ და დავაღრმავეთ მდინარის კალაპოტი, რომ წყალს გაევლო, მაგრამ იმხელა ნალექია, რომ ამ დონის ნალექის თავიდან აცილება ალბათ პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა არის პროექტი, რომ კიდევ უფრო მეტად მოხდეს ამ მდინარის კალაპოტის ჩაღრმავება“,-განაცხადა მურღულიამ.
კომენტარები