ქინძმარაულის ქუჩაზე, გაზგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. ცენტრის დირექტორის გუგა ქაშიბაძის განცხადებით, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შეყვანილი პაციენტებიდან, ერთერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა და ის მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადის.
„შემოვიდა ორი პაციენტი, ორივე შემოიყვანა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ. ერთი მათგანი, 62 წლის მამაკაცი 50 % დამწვრობის ფართობი, მეორე-მესამე ხარისხი, აღენიშნება სასუნთქი გზების დაზიანება, მოთავსებულია რეანიმაციის განყოფილებაში, მიმდინარეობს ანტიშოკური მკურნალობა, მეორე პაციენტი საბედნიეროდ შედარებით იოლი ფორმით დაიწვა, ის უკვე გაწერილია ამბულატორიულად, მას აქვს მტევნები და წინამხრები დამწვარი, ზედაპირული დამწვრობა აღენიშნებოდა“,-განაცხადა ქაშიბაძემ.
ქინძმარაულის ქუჩაზე, გაზგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. ინციდენტის შედეგად ორი პირი დაშავდა, ისინი დამწვრობის ცენტრში არიან გადაყვანილი.
როგორც news.ge-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
კომენტარები