ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ცოლისა და არასრულწლოვანი შვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ 2 წლის და 6 თვის ვადით პატიმრობა განუსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის ივნისში, სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ნასვამ მდგომარეობაში ქ.ზესტაფონში, საკუთარ სახლში არასრულწლოვან შვილს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო 2017 წლის ივნისსა და ივლისში, ასევე ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სცემა მეუღლეს. “- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
დაკავებულს ბრალდება წარედგინა ოჯახის წევრის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენილი ძალადობისა და ასევე ოჯახის ერთი წევრის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის მუხლებით.
კომენტარები