ლას-ვეგასში მუსიკალურ ფესტივალზე 59 ადამიანის მკვლელის სტივენ პადოკის მეგობარი ქალი დაკითხვაზე იმყოფება. BBC-ის ინფორმაციით, ის ცოტა ხნის წინ ჩაფრინდა აშშ-ში ფილიპინებიდან, სადაც მას ფედერალური აგენტები დახვდნენ.
არსებული ინფორმაციით, თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე, სტივენ პადოკმა მეგობარ ქალს 100 ათასი აშშ დოლარი გადაურიცხა. ასევე, პადოკმა სწორედ მისი დოკუმენტები გამოიყენა, როდესაც სასტუმროში, საიდანაც ფესტივალის დამსწრეებს გაუხსნა ცეცხლი, ნომერს ქირაობდა.
როგორც BBC წერს, პოლიცია ცდილობს სტივენ პადოკის საქციელის მოტივი გაიგოს. მას მანამდე სამართალთან პრობლემა არ ჰქონდა.
ცოტა ხნის წინ ასევე გაირკვა, რომ პადოკი გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ძებნილი ერთ-ერთი ყველაზე საშიში კრიმინალის ბენჯამინ პადოკის შვილია, თუმცა არსებული ინფორმაციით, მამას შვილებთან კონტაქტი არ ჰქონია. ასევე, Washington Post-მა გაარკვია, რომ 64 წლის სტივენ პადოკი უძრავ ქონებაში განხორციელებული ინვესტიციებით მილიონერი იყო.
კომენტარები