შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის მერიასთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ გამართულ აქციაზე ექვსი პირი დააკავეს. უწყების თქმით, პარტიის წევრები და მისი მხარდამჭერები მერიის შენობაში შეჭრას აპირებდნენ.
“მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, ქალაქ თბილისის მერიასთან გამართულ არასანქცირებულ აქციაზე, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მერობის კანდიდატმა, ამავე პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა მერიის ადმინისტრაციულ შენობაში ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით შეჭრა სცადეს. ამასთან, აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს, რის შედეგადაც, კოსტავას გამზირზე მოძრაობა პარალიზებული აღმოჩნდა.საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყვნენ შსს-ს საპატრულო პოლიციის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა იმოქმედეს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, არაერთგზის მოუწოდეს სამართალდამრღვევებს წესრიგისკენ და გზის საავტომობილო ნაწილის დატოვება მოსთხოვეს, თუმცა აქციის მონაწილეები პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს არ დაემორჩილნენ და სამართლდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს. ” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში
აღნიშნულ ფაქტზე შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (ხულიგნობა) და 173-ე (დაუმორჩილებლობა) მუხლებით გამოძიება დაიწყო.
დღეს, ენმ-ის თბილისის მერობის კანდიდატმა და პარტიის მხარდამჭერებმა თბილისის მერიასთან გზა გადაკეტეს და მერთან შეხვედრას ითხოვდნენ. როგორც ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატი, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, მათ მერიის მაღალჩინოსნებთან დალაპარაკება სურდათ. ისინი პანორამა თბილისისთვის მიწების გადაცემის წინააღმდეგ გამოდიოდნენ.
კომენტარები