2010 წელს ყატარის სახელმწიფომ 2022 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მოიპოვა. 2010 წლიდან მოყოლებული ყატარში დიდი ფული იხარჯება და მაშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება მსოფლიოს პირველობისთვის მოსამზადებლად. ყატარის ხელისუფლების მონაცემებით, ყოველკვირეულად ისინი დაახლოებით 300 მილიონს ხარჯავენ მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ სამუშაოებში. თუმცა უკვე წლებია საერთაშორისო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ ყატარის ხელისუფლების მიერ მიგრანტი მოქალაქეების მშენებლობებში არაჰუმანურად გამოყენების და მათი უფლებების შელახვის გამო. მარტო 2012 წელს ყატარის ხელისუფლების ინფორმაციით, 523 მუშა დაიღუპა მშენებლობებზე, მათ შორის 385 გაურკვეველ ვითარებაში. გარდაცვლილთა რაოდენობა შემცირდა, თუმცა კვლავ რამდენიმე ასეულობით მიგრანტ მუშახელს მოიცავს შემდგომ წლებშიც. მიგრანტები ძირითადად ბანგლადეშიდან და ინდოეთიდან არიან.
„Human Rights Watch“-ის(HRW) განცხადებით, ყატარის ხელისუფლება არ იცავს მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებში უსაფრთხოების ელემენტალურ სტანდარტებსაც კი და მიგრანტ მუშახელს გაუსაძლის პაპანაქება სიცხეში ამუშავებს. ორგანიზაციის განცხადებით, სწორედ უსაფრთხოების წესების სრული უგულებელყოფა და მაღალი ტემპერატურის პირობებში მუშაობა იწვევს ყოველწლიურად ასეულობით მუშის სიკვდილს. HRW და სხვა ორგანიზაციები მოუწოდებენ ყატარის მთავრობას გაამკაცროს უსაფრთხოების სტანდარტები მშენებლობებზე და არ ამუშაოს მუშები სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიშ პირობებში.
კომენტარები