სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს დეკანოზი გიორგი მამალაძე საკვების მიღებაზე უარს აცხადებს. სამინისტროს განმარტებით, მსჯავრდებულმა პრეტენზია გამოთქვა სატელეფონო კომუნიკაციასთან დაკავშირებით არსებულ ტექნიკურ ხარვეზზე, თუმცა ის არ შიმშილობს. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.
“N9 პენიტენციურ დაწესებულებაში, მსჯავრდებულების, მათ შორის, გიორგი მამალაძის მიერ სატელეფონო ზარების განხორციელების დროს, დაფიქსირდა მცირე ტექნიკური ხარვეზი. აღნიშნულთან დაკავშირებით, მსჯავრდებულმა გიორგი მამალაძემ გამოთქვა პრეტენზია. დაწესებულების ხელმძღვანელებმა გამოიძახეს იმ კომპანიის წარმომადგენლები, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში სატელეფონო მომსახურებას ახორციელებს.
კომპანიის წარმომადგენლებმა ადგილზე შემოწმების შემდეგ განაცხადეს, რომ ხარვეზი დაკავშირებული იყო ჭარბ ნალექთან და ტექნიკური ხარვეზი მალევე აღმოიფხვრა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მსჯავრდებულმა გიორგი მამალაძემ მოითხოვა ომბუდსმენის ოფისთან დაკავშირება, რის შემდეგაც მსჯავდებული სახალხო დამცველმა ადგილზე მოინახულა. გიორგი მამალაძე, მისივე განცხადებით, არ შიმშლობს“, – აღნიშნულია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებაში.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე საკვებისა და მედიკამენტების მიღებაზე უარს აცხადებდა, მისი ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებაზე დაყრდნობით გავრცელდა.
5 სექტემბერს მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადებას ბრალდებული არ ესწრებოდა.
კომენტარები