პუერტო რიკოს გამგებლის რიკარდო როსელოს განცხადებით, ქარიშხალი „მარია“ ყველაზე დიდი კატასტროფაა მისი მშობლიური კუნძულის ისტორიაში. ქარიშხალს 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მიწასთანაა გასწორებული პუერტო რიკოს დიდი ქალაქების ინფრასტრუქტურა. 3.4 მილიონიან მოსახლეობას დღემდე არ მიეწოდება საჭმელი, სასმელი და გაზი. მოსახლეობის 97 პროცენტს საერთოდ არ მიეწოდება ელექტროენერგია. ზოგი პუერტორიკოელი ოჯახი გაუსაძლის შიმშილზე აწვდის ინფორმაციას შესაბამის ორგანოებს, მათი განცხადებით, მოსახლეობის დიდ ნაწილს სასმლისა და საჭმლის მარაგი ამოეწურა.
პუერტო რიკოს გამგებლის განცხადებით, ამერიკის ცენტრალური ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს პუერტო რიკოს დასახმარებლად და პრეზიდენტი ტრამპი ყოველდღიურად ეკონტაქტება მას და პუერტო რიკოს სხვა თანამდებობის პირებს. როსელოს თქმით, სანამ მოსახლეობისთვის წყლისა და საჭმლის მიწოდების პრობლემა არ მოგვარდება, მანამდე პუერტო რიკოში საგანგებო სიტუაცია იქნება გამოცხადებული.
კომენტარები