ცნობილი სერბი რეჟისორი და მუსიკოსი ემილ კუსტურიცა დეკემბრის თვეში თბილისს ესტუმრება და კონცერტს გამართავს. სერბი რეჟისორი, რომელიც თავისი ექსცენტრიული და პრორუსული შეხედულებებითაა ცნობილი, 2009 წლის იანვარში რუსეთის საზღვრიდან ცხინვალში გადავიდა და იქ რამდენიმე დღე დაჰყო, რითაც საქართველოს კანონი დაარღვია ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ. კანონის მიხედვით, საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის გარდა ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას კუსტურიცას მოსალოდნელ საქართველოში ვიზიტზე და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის შესაძლებლობაზე ლაკონურად უპასუხა. „ჩვენ, როგორც სხვა ყველა შემთხვევაში, ახლაც ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად“ – აღნიშნა მღებრიშვილმა.
კომენტარები