გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე სიტყვი გამოსვლის დროს საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა გაეროს ყოველწლიურად საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებისთვის, სადაც კიდევ ერთხელ აცხადებს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ოკუპირებული რეგიონებიდან ლტოლვილთა უფლებას, დაბრუნდნენ შინ, თუმცა აღნიშნა, რომ ყოველივე ეს ჯერ ვერ იქცა რეალობად ასობით ათასი ჩემი თანამემამულისთვის, მხოლოდ იმის გამო, რომ გაეროს მხოლოდ ერთი წევრი სახელმწიფო უარს ამბობს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე.
„ყოველ წელს გაეროს გენერალური ასამბლეა იღებს რეზოლუციას, სადაც კიდევ ერთხელ აცხადებს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ოკუპირებული რეგიონებიდან ლტოლვილთა უფლებას, დაბრუნდნენ შინ. საქართველო მადლობას მოახსენებს გაეროს ამ მხარდაჭერისთვის, მაგრამ ყოველივე ეს ჯერ ვერ იქცა რეალობად ასობით ათასი ჩემი თანამემამულისთვის, რომლებიც მოუთმენლად ელიან შინ დაბრუნებას და მაინც ვერ ბრუნდებიან მხოლოდ იმიტომ, რომ გაეროს მხოლოდ ერთი წევრი სახელმწიფო უარს ამბობს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე.
საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებთან ნდობის აღდგენის ახალ ინსტრუმენტებს. ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილებაა, მივაწოდოთ საქართველოს ევროპული დღის წესრიგის ყველა სარგებელი საოკუპაციო ხაზების მეორე მხარეს მცხოვრებ მოქალაქეებს. ჩვენი ინიციატივების არსებითი პაკეტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის იძლევა ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გადაკვეთით სავაჭრო შესაძლებლობებს და უზრუნველყოფს გლობალურ ბაზრებზე საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობების ხელმისაწვდომობას. ჩვენ ვთავაზობთ მათ ჯანდაცვას, განათლებას და სხვა სოციალურ სარგებელს“,-განაცხადა კვირიკაშვილმა.
კომენტარები