გაეროს ანსამბლეის სხდომაზე დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლის შემდგომ, სიენენისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ამერიკის პრეზიდენტის მიდგომა გააკრიტიკა ჩრდილოეთ კორეისა და ირანის მიმართ. მაკრონის განცხადებით, მილიტარისტულ რიტორიკასა და სიტუაციის ესკალაციას ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის მიმართ პოზიტიური შედეგები არ ექნება და როგორც ამერიკამ, ასევე სხვა მხარეებმა უნდა გაითვალისწინონ თუ რამხელა მსხვერპლი მოჰყვება შესაძლო სამხედრო კონფლიქტს ფხენიანთან. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, სწორედ მოლაპარაკებებისა და მონიტორინგის არქონის გამო გახდა ასეთი უკონტროლო ჩრდილოეთ კორეის ბირთვული ამბიციები. მისი განცხადებით, საჭიროა უფრო მეტი გაკეთდეს რეგიონში დაძაბულობის შესამცირებლად და მოსახლეობის დასაცავად.
მაკრონს ასევე მიაჩნია, რომ ამერიკის პრეზიდენტმა პატივი უნდა სცეს ირანთან ბირთვული პროგრამის შეჩერების შესახებ მიღწეულ შეთანხმებას, რომელსაც ტრამპმა ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გარიგება უწოდა ამერიკის ისტორიაში. მაკრონის თქმით, დიდი შეცდომა იქნება თუ ტრამპი უარს იტყვის ირანთან მიღწეულ შეთანხმებაზე, რადგან ეს შეთანხმება მიუხედავად გარკვეული ხარვეზებისა, ეხმარება საერთაშორისო საზოგადოებას ირანის რეჟიმთან დიალოგში და მისი ბირთვული პროგრამის მონიტორინგში, ხოლო ამ ხელშეკრულების გაუქმების შემდგომ ირანის ბირთვული პროგრამა კვლავ უკონტროლო გახდება და მსოფლიო მიიღებს კიდევ ერთ ჩრდილოეთ კორეის მსგავს უკონტროლო ბირთვულ სახელმწიფოს და სამხედრო კონფლიქტის მაღალ რისკს.
კომენტარები