„რუსთავი 2“-ის განცხადებით, ტელეკომპანიის ვებგვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა. ტელეკომპანიის განცხადებით, ვებგვერდზე შესაძლო კიბერშეტევის შესახებ მიღებული ინფორმაციის შემდეგ „რუსთავი 2“-ის საიტს – rustavi2.ge-ს პრობლემები შეექმნა. ვებგვერდი დღის განმავლობაში რამდენჯერმე გაითიშა, ჩართვის შემდეგ კი შეფერხებით მუშაობდა.
შეტყობინება უკვე შესულია შინაგან საქმეთა სამინისტროში. საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებში „რუსთავი 2“-ის შენობაში მიმდინარეობს. ძალოვანები იმ შეტყობინებებს სწავლობენ, რომელიც წინ უძღოდა ვებგვერდის მუშაობის შეფერხებას და რომელიც „რუსთავი 2“-ის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე შემოვიდა.
„რუსთავი 2-ის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის განცხადებით, სოციალურ ქსელში მუქარის შემცველი შეტყობინება გამოიგზავნა, რის შემდეგაც rustavi2.ge-ზე განხორციელდა კიბერთავდასხმა. მელაძის თქმით, მას დაუკავშირდნენ შსს-ის კრიმინალური პოლიციის კიბერდანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტიდან და განუცხადეს, რომ ჩაერთვებიან საქმეში და „ფეისბუქ“-ზე მოწერილ გზავნილებს შეისწავლიან.
„დავკარგეთ მართვა ვებგვერდზე, როგორც სისტემური ადმინისტრატორიდან, ასევე მომხმარებელი „რუსთავი 2“-ის ვებგვერდს ვერ ხედავდა,“ – აღნიშნა ნოდარ მელაძემ.
„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თქმით, კიბერშეტევის მიუხედავად, ვებგვერდის მონაცემთა ბაზები, არქივი სრულად შენარჩუნებულია და ამჟამად საიტი ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს.
კომენტარები