მიანმარის დე ფაქტო ლიდერმა და ნობელის პრემიის ლაურეატმა მშვიდობის დარგში, აუ საუნ სუ ჩიმ დუმილი დაარღვია რაკჰინის რეგიონში მიმდინარე ძალადობასთან დაკავშირებით. სუ ჩის სატელევიზიო მიმართვა 30 წუთის განმავლობაში გაგრძელდა, მან მიმართვა არა მშობლიურ, არამედ ინგლისურ ენაზე გააკეთა, რაც ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ ძირითადი ადრესატი გამოსვლის მაინც საერთაშორისო საზოგადოება იყო, რომელიც შეაშფოთა რაკჰინში მიმდინარე პროცესებმა. შეგახსენებთ, რომ გაეროს მონაცემებით, რაკჰინის რეგიონში მუსლიმანი ეთნიკური უმცირესობის როჰინგას ტომის 1000 მდე წარმომადგენელი მოკლული იქნა მიანმარის სამხედრო ოპერაციის შედეგად, ხოლო 400 000-მდე როჰინგა ძალადობას და სისხლისღვრას მეზობელ ბანგლადეშში გაექცა. გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარმა მომხდარი კლასიკურ ეთნოწმენდად შეაფასა, ხოლო საერთაშორისო საზოგადოება ნობელის პრემიის ლაურეატის და დემოკრატიისთვის მებრძოლის სახელის მქონე სუ ჩის უმოქმედობამ გააკვირვა.
სუ ჩის გამოსვლას პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა მიანმარის მოქალაქეებში, რომლებიც გამოსვლის მოსასმენად დედაქალის ცენტრში იყვნენ შეკრებილები და ლიდერის მიერ გამოხატულ პოზიციებს აპლოდისმენტებით შეხვდნენ. სამაგიეროდ სუ ჩიმ იმედები გაუცრუა საერთაშორისო საზოგადოებას და მის ყოფილ გულშემატკივრებს, რადგან მან რაკჰინის რეგიონში მიმდინარე პროცესები ანტიტერორისტულ ოპერაციად მოიხსენია, ასევე, მისი თქმით, რაკჰინის რეგიონში რელიგიურ უმცირესობას ჰქონდა თანასწორი წვდომა სამედიცინო, სოციალურ და საგანმანათლებლო მომსახურეობაზე. გაეროს, საერთაშორისო საზოგადოების და საერთაშორისო მედია საშუალებების მიერ ჩატარებული კვლევები და მონაცემები კი სრულიად საპირისპიროს აფიქსირებს.
კომენტარები