„ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან საპროტესტო აქცია გამართეს.
დაზარალებულები ხელისუფლებისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას სთხოვენ, ხანძრის გამომწვევი მიზეზები დაადგინოს.
დაზარალებულთა მხარდასაჭერად აქციაზე იმყოფება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი. ხატიაშვილის განცხადებით, მაშინ როდესაც „ბავშვთა სამყაროში“ ხანძარი გაჩნდა, კახა კალაძე ვიცეპრემიერი იყო.
მისივე თქმით, კალაძეს, როგორც ვიცეპრემიერს დაზარალებულების მიმართ დახმარების სურვილი არ გამოუთქვამს და ახლა არანაირი მორალური უფლება არ აქვს, თბილისის მერის არჩევნებში იყაროს კენჭი.
„როდესაც „ბავშვთა სამყარო“ დაიწვა, ეს ადამიანი დაიმალა. დღეს კი ეს ადამიანი არ შეიძლება იყოს თბილისის მერი. დაზარალებულები გააპროტესტებენ და მივლენ ყველა იმ ადამიანის ოფისთან, ვინც, სავარაუდოდ, მონაწილეობდა ამ პირების უბედურებაში. კახა კალაძე იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც დაიმალა და შორიდან უყურებდა, თუ როგორ იტანჯებოდა ეს ხალხი”, – განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.
"ბავშვთა სამყაროს" დაზარალებულ მოვაჭრეთა აქცია კახი კალაძის საარჩევნო შტაბთან
Posted by News.Ge on სამშაბათი, 19 სექტემბერი, 2017
კომენტარები