“ის განხცადებები რაც კეთდება, რომ თითქოს მიწა გაიყიდება უცხოელებზე, არის ძალიან დიდი სიცრუე და ტყუილი”, – ასე ეხმაურება კახა კალაძე “ქართული მარშის” ბრალდებებეს მმართველი გუნდის მიმართ და ამ შინაარსით ბოლოდროინდელ განცხადებას მიზანმიმართულ კამპანიად აფასებს, რომლის უკანაც კონკრეტული ადამიანები დგანან.
“მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიცია მგონი ყველასთვის ნათელია. ამასთან დაკავშირებით მეც არაერთხელ გამიკეთებია განცხადება. ის რასაც ჩვენ ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში, ეს არის მიზანმიმართული ცრუ კამპანია, რომელსაც გარკვეული ადმიანები ახორციელებენ. ის რომ მიწა არ გაიყიდება უცხოელებზე, ეს არის ჩვენი გუნდის დამსახურება და ჩვენმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ჩაიწერა კონსტიტუციაში”, – აცხადებს მმართველი გუნდის თბილისის მერობის კანდიდატი.
ქართული მარშის წევრებმა სამართალდამცველებს მაშხალები ესროლეს
“ქართული მარშის” აქცია-მსვლელობა რუსთაველის მეტროდან ”ღია საზოგადოება – საქართველოს” ოფისისკენ დაიწყო. ამის შემდეგ აქტივისტებმა კახა კალაძის წინასაარჩევნო შტაბთან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც “ქართული მარშის” წევრებმა სამართალდამცველებს მაშხალები დაუშინეს
აქციის წევრები აცხადებენ, რომ ისინი ხელისუფლებას ერთკვირიან ვადას აძლევენ მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში რადიკალურ ზომებს მიმართავენ.
მოძრაობა “ქართულმა მარშმა“ 11 სექტემბერს რადიკალური და გრძელვადიანი აქციები დააანონსა და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ მიწა უცხოელებზე არ გაყიდოს.
15 ივნისს პარლამენტმა სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გასხვისებაზე მორატორიუმი პირველი მოსმენით მიიღო. მორატორიუმს მხარი არ დაუჭირა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“.
6 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენასთან დაკავშირებით კანონით დადგენილი შეზღუდვა კომერციულ ბანკებზე არ გავრცელდება. ეს შეზღუდვა ასევე არ გავრცელდება განსკუთრებულ შემთხვევებზე, რომლებიც მთავრობის გადაწყვეტილებით განისაზღვრება.
საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ დაწესებულ დროებით მორატორიუმზე განცხადება გააავრცელა. პრემიერის თქმით, საუბარი იმაზე, რომ მორატორიუმში დროებით შეტანილი ცვლილება არ შეესაბამება საკონსტიტუციო ჩანაწერს, სიმართლეს არაა.
პრემიერის ცნობით, ოპონენტების მიერ ამ თემაზე გაკეთებული განცხადებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
“სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა სწორედ ჩვენი ხელისუფლების ინიციატივით იქნა აღიარებული სტრატეგიულ რესურსად და უცხოელებზე მის გასხვისებაზე დაწესდა შეზღუდვები; ამ საკითხთან დაკავშირებით, სპეციალური ჩანაწერი გაკეთდა კონსტიტუციის პროექტში.
ცვლილება ეხება მხოლოდ საფინანსო სექტორს და ისიც, შეზღუდული ვადით. საუბარია იმაზე, რომ საფინანსო ორგანიზაციებსა და ბანკებს, კანონის ამოქმედებამდე, დარჩეთ სოფლის მეურნეობის დანიშნულების მიწების საკუთრებაში დროებით დარეგისტრირების უფლება, იმ შეზღუდვით, რომ გარკვეულ ვადაში მოახდენენ ამ მიწის რეალიზაციას, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე.
აღნიშნული დროებითი ცვლილება განპირობებულია მხოლოდ იმ მიზნით, რომ ფერმერებს და გლეხებს შეეძლოთ საკუთარი მიწის ქონებრივ აქტივად გამოყენება, საფინანსო სექტორთან თანამშრომლობა და სოფლის მეურნეობის მთელი რიგი სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობა და ამავდროულად, არავითარი საფრთხე არ დაემუქროს სასოფლო-სამეურნეო მიწების განვითარებას.
კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, დროებითი ცვლილება სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისების ყოველგვარ შესაძლებლობას გამორიცხავს და ამ თემაზე სპეკულაციები მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება”, – წერია განცხადებაში.
კომენტარები