„ქართული მარშის“ განცხადებას, სადაც ის ხელისუფლებას მოუწოდებს, მიწა უცხოელებზე არ გაასხვისოს, სოფლის მეურნეობის მინისტრი გამოეხმაურა. ლევან დავითაშვილი განმარტავს, რომ „ქართული ოცნება“ იყო ის პოლიტიკური ძალა, ვინც მოახდინა ინიცირება სასოფლო-სამეურნეო მიწის რეგლაციების შესახებ.
„ქართული ოცნება“ იყო ის პოლიტიკური ძალა, ვინც მოახდინა ინიცირება სასოფლო-სამეურნეო მიწის რეგულაციების შესახებ და ეს ჩვენ ცალსახად განვმარტეთ და კონსტიტუციის პროექტში შევიტანეთ ჩანაწერი, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწა განკუთვნილია საქართველოს მოქალაქეებისთვის, ეს არის აუცილებელი დაზუსტება მხოლოდ იმისთვის, რომ კომერციული ბანკების საქმიანობა იყოს შეუფერხებელი“,-განაცხადა დავითაშვილმა.
”ქართული მარში” საპროტესტო აქციებს და ”სასიკვდილო შიმშილობას” აანონსებს
”ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერის, სანდრო ბრეგაძის განცხადებით, მოძრაობა მოითხოვს ქართული მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდვის აკრძალვას და ამ ცვლილების კონსტიტუციაში დაფიქსირებას. ორგანიზატორების თქმით, ამასთან დაკავშირებით ”ქართული მარში” ხვალ გამაფრთხილებელ აქციას ჩაატარებს, რის შემდეგაც ისინი არ მოერიდებიან რადიკალური ზომების მიღებას.
ბრეგაძემ ქართული მიწის გასხვისებაში მმართველი გუნდის ლიდერები დაადანაშაულა. მარშის წევრები უახლოეს მომავალში მთავრობის ადმინისტრაციის პიკეტირებასაც აანონსებენ.
„ხვალ, 18:00 საათზე, რუსთაველის მეტროდან მსვლელობა დაიწყება ”ღია საზოგადოება – საქართველოს” ოფისისკენ, სადაც აქცია ჩატარდება. ამის შემდეგ მსვლელობით გადავინაცვლებთ კახა კალაძის წინასაარჩევნო შტაბთან და მოვახდენთ მის პიკეტირებას“. „ერთი კვირის განმავლობაში დავგეგმავთ აქციას აღმაშენებლის გამზირიდან მთავრობის ადმინისტრაციამდე, სადაც შენობის პიკეტირებას მოვახდენთ, არ შევუშვებთ მინისტრებს და 500-კაციან სასიკვდილო შიმშილობას დავიწყებთ. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ კალაძე მოწინააღმდეგეა მიწის გასხვისების უცხოელებზე. ხვალ გასამართ აქციაზე ჩვენ შევეცდებით გავესაუბროთ კალაძეს და თუ ასეა, მაშინ მან ღიად დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, შევეცდებით არჩევნების ჩაშლას, რათა ”ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთხელ არ მოატყუოს ქართველი ხალხი”, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.
კომენტარები