უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებს საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი გამოეხმაურა. ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, მიმდინარე პროცესი უკრაინის შიდა პოლიტიკური თემაა და ზედმეტი კომენტარების კეთება არარელევანტურია.
„ის პროცესი ჩვენ რაც ვნახეთ, არის ჩვენი პარტნიორი ქვეყნის, მეზობელი ქვეყნის შიდაპოლიტიკური თემა, შიდაპოლიტიკური საკითხი, ამიტომ ჩვენგან ზედმეტი კომენტარების კეთება არ არის რელევანტური, პროცესი როგორ განვითარდება, ამას ჩვენ ყველა ერთად ვნახავთ“,-განაცხადა ფიქრია ჩხრაძემ.
ხუხაშვილის თქმით, სააკაშვილმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის არის ერთერთი ძლიერი კრიზისული ლიდერი
მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გამოეხმაურა. ხუხაშვილის განცხადებით, სააკაშვილი გახდა შიდა უკრაინული კრიზისის კატალიზატორი. მან კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის არის ერთერთი ძლიერი კრიზისული ლიდერი.
„ეს უკვე აღარ არის სააკაშვილის ისტორია, ეს უკვე არის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის განვითარებული სერიოზული მოვლენები. სააკაშვილი გახდა ახლა შიდა უკრაინული კრიზისის კატალიზატორი. მან კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის არის ერთერთი ძლიერი კრიზისული ლიდერი, როგორც თევზი წყალში, კრიზისში ისე გრძნობს ხოლმე თავს.
პოროშენკოს ახლა აღარ აქვს კარგი სვლები, მას აქვს ცუდი და უარესი სვლები. ამ შეცდომების კასკადის ფონზე, ერთადერთი, ვისი გაბრიყვებაც მან შეძლო, იყო საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ლამის ჩაითრია ძალიან საეჭვო ისტორიაში და პოროშენკოს ჰქონდა სავსებით კონკრეტული ამოცანა, მას ესმოდა, რომ სააკაშვილი შეიძლებოდა გამხდარიყო მისი პოლიტიკური პრობლემა და ამიტომ ის შეეცადა ამ პრობლემის ეპიცენტრი გადმოესროლა საქართველოსკენ. პოროშენკომ გაიჩალიჩა თვითონ და რისკი იმისა, რომ ჩვენთვისაც შეექმნა პრობლემები, ძალიან მაღალი იყო. რაში სჭირდებოდა ხელისუფლებას ამ სისულელეში თავის შეყოფა, მე სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგე“,-განაცხადა ხუხაშვილმა.
ვაშაძის თქმით, უკრაინამ დაუშვა პოლიტიკური შეცდომა, როცა სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა
„პოლიტიკური პლატფორმა-ახალი საქართველოს” ლიდერი მიიჩნევს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ თავის დროზე შეცდომა დაუშვა, როცა მიხეილ სააკაშვილს მოქალაქობა ჩამოართვა, ვაშაძის თქმით, ამ შეცდომის შედეგებს იმკის უკრაინის ხელისუფლება.
„თავის დროზე უკრაინამ დაუშვა სერიოზული პოლიტიკური შეცდომა, როცა სააკაშვილს ჩამოართვა მოქალაქეობა და ამ შეცდომის შედეგებს იმკის უკრაინის ხელისუფლება“,-განაცხადა ვაშაძემ.
უსუფაშვილის განცხადებით, სააკაშვილი ევრაზიული მასშტაბის პოლიტიკურ ავანტიურისტად ჩამოყალიბდა
მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითრებულ მოვლენებს არასაპარლამენტო ოპოზიციაშიც გამოეხმაურნენ. „შენების მოძრაობის“ ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ევრაზიული მასშტაბის პოლიტიკურ ავანტიურისტად ჩამოყალიბდა.
„ვამბობ და ამას ვეუბნებოდი ჩვენ უკრაინელ მეგობრებსაც, რომ ბატონ სააკაშვილთან ჯობია იყოთ ფრთხილად, იმიტომ, რომ იგი ჩამოყალიბდა ევრაზიული მასშტაბის პოლიტიკურ ავანტიურისტად, რომელსაც ერთადერთი რამ ამოძრავებს – საკუთარი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილება და ამისთვის მზად არის ნებისმიერ მსხვერპლზე, ოჯახის წევრების მსხვერპლად შეწირვაზეც, ქვეყნების მსხვერპლად შეწირვაზეც. მე ყველაზე მეტად მაშფოთებს შესაძლო პრობლემები ისედაც პრობლემებით სავსე უკრაინაში, ამ პრობლემებიდან განსაკუთრებით მაშფოთებს უკრაინა-პოლონეთის ურთიერთობების საკითხი, რომელიც საკმაოდ რთულია“,-განაცხადა უსუფაშვილმა.
ფოფხაძე მიიჩნევს, რომ უკრაინის პოლიტიკურმა ისტაბლიშმენტმა თავის დროზე დაუშვა შეცდომა
უკრაინაში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გუშინ განვითარებულ მოვლენებს უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე გამოეხმაურა. დეპუტატის თქმით, სააკაშვილის მეთოდები, რომელსაც ის პოლიტიკაში იყენებს, ხშირ შემთხვევაში მიმართულია არაეულობებისა და კონფლიქტებისკენ.
„სააკაშვილი არის ჩვეულებრივი ავანტიურისტი, ამიტომ ის ფორმები და მეთოდები, რომელსაც ის პოლიტიკაში ირჩევს, როგორც წესი, მიმართულია არეულობებისკენ, კონფლიქტებისკენ. არც სამართლებრივი და არც მორალური ჩარჩოები მას პოლიტიკური საქმანობის დროს არასდროს არ ჰქონია და არ აქვს, ეს არის ფაქტი, ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ქართული სახელმწიფოს ერთერთი მორალური ვალდებულებაა, რომ გაკეთდეს ყველაფერი, რომ ის წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე. ფაქტია, რომ უკრაინის პოლიტიკურმა ისტაბლიშმენტმა თავის დროზე დაუშვა შეცდომა, რომ ეს ტროას ცხენი შეათრია თავისთან“,-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
ბათუ ქუთელია მიიჩნევს, რომ უკრაინული დემოკრატიისთვის სააკაშვილის დაბრუნება ძალიან კარგია
ექსპერტ ბათუ ქუთელიას განცხადებით, პოლიტიკური ოპონენტების განდევნა პოლიტიკური სპექტრიდან დემოკრატიული სახელმწიფოსთვის ცუდად მთავრდება. მისივე თქმით, ის, რომ სააკაშვილი დაბრუნდა უკრაინაში, უკრაინული დემოკრატიისთვის ძალიან კარგია.
„პოლიტიკური ოპონენტების განდევნა პოლიტიკური სპექტრიდან, ცუდად მთავრდება დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის და ის, რომ სააკაშვილი დაბრუნდა უკრაინაში, უკრაინული პოლიტიკური პროცესებისთვის არის უფრო ჯანსაღი და მიეცემა საშუალება, იყოს ამ პროცესის მონაწილე, აქედან გამომდინარე, მთლიანად ეს ყველაფერი უკრაინული დემოკრატიისთვის ძალიან კარგია“,-განაცხად ქუთელიამ.
ლევან გოგიჩაიშვილი სააკაშვილის საკითხით, მხოლოდ მისი დაპატიმრების შემდეგ დაინტერესდება
უმრავლესობის დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხით მხოლოდ მისი ექსტრადიციის შემდეგ დაინტერესდება. დეპუტატის განცხადებით, სააკაშვილის საქმით, მხოლოდ მისი დაპატიმრების შემდეგ დაინტერესდება.
„ეს არის ჩვეულებრივი სპექტაკლი, კიდევ ერთი პიარაქცია, საერთოდ არ მაინტერესებს ეს როგორ დამთავრდება, დავინტერესდები მაშინ, როდესაც ის აღმოჩნდება ჩვენი იურისდიქციის ქვეშ და მას დააპატიმრებენ. ეს არის საინტერესო ბევრად, იმიტომ, რომ მას წინ აქვს კიდევ ბევრი სასამართლო პროცესი, სადაც მან იმ დანაშაულებზე უნდა აგოს პასუხი, რასაც ის ცხრა წლის განმავლობაში ჩადიოდა“,-განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის საზღვარზე შეყოვნების მცდელობას „ნაციონალურ მოძრაობაში“ აფასებენ
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და მისი მომხრეების საზღვარზე შეყოვნების მცდელობას თბილისში ეხმაურებიან. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას შეფასებით, ეს არის დაპირისპირება დემოკრატიასა და ოლიგარქიულ წესწყობლებას შორის.
„ეს არის დაპირისპირება სააკაშვილსა და პოროშენკოს შორის, ეს არის დაპირისპირება დემოკრატიულ წესწყობილებასა და ოლიგარქიულ წესწყობლებას შორის. ჩვენ დავინახეთ, რომ უკრაინაში, სადაც არა მხოლოდ ბატონი პოროშენკო, როგორც ერთი ოლიგარქი, არამედ დაახლოებთ 7-8 ოლიგარქი არის, ვხედავთ, რომ მარცხდება ხალხთან და ეს არის გარდაუვალი პროცესი. შუაგულ ევროპაში, როდესაც ხალხით სავსე მატარებელს გააჩერებ უკანონოდ იმიტომ, რომ შეაჩერო ხალხის ნება, ჩვენ დავინახეთ, რომ ეს არის შეუძლებელი და ბუნებრივია, ყველა ოლიგარქიულ სისტემას და წესწყობილებას მოელის ადრე თუ გვიან იგივე“,-განაცხადა მელიამ.
კომენტარები