მედიის პროფესიული კავშირის თავმჯდომარის ლაშა მესხის განცხადება : „ჩემთვის, როგორც რიგითი ჟურნალისტისთვის და საქართველოს მედიის პროფესიული კავშირის ხელმძღვანელისთვის კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ჟურნალისტის ჩაგვრა და მუშაობაში ხელის შეშლა. ის რაც რამდენიმე წუთის წინ საქართველოს ექს პრეზიდენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ტელეკომპანია „იმედის” ჟურნალისტების წინააღმდეგ პოლონეთში ჩაიდინა არის არასწორი.

საჯაროდ უწოდო „აგენტები” მედიაში დასაქმებულ ადამიანებს არის შეურაცხყოფა და პროგრესულმა პოლიტიკოსმა ეს არ უნდა იკადროს. მეტიც, მედიაზე თავდასხმის გამო, თავმოყვარე ლიდერმა ბოდიშიც კი უნდა მოიხადოს. შესაძლოა საზოგადოებრივი მაუწყებლის ან „იმედის” სარედაქციო პოლიტიკა, ან მენეჯმენტის საქმიანობა არ იყოს მოსაწონი,მაგრამ კონკრეტული ჟურნალისტების საჯაროდ შეურაცხყოფა ამას ვერ ამართლებს. ვფიქრობ ჩვენი ქვეყანა გამოვიდა ადამიანებისთვის „აგენტების” იარლიყების აკვრის, საჯაროდ დამცირებისა და ჩაგვრის ეპოქიდან!”
შეგახსენებთ , რომ მატარებელში, რომელიც პოლონეთიდან უკრაინაში უნდა გამგზავრებულიყო, მიხეილ სააკაშვილს პირველი არხისა და „იმედის“ ჟურნალისტებმა მიმართეს კითხვით, თუ რატომ არ აპირებს პირველ არხთან ურთიერთობას, ასევე რატომ არ მიიწვია პირველი არხი არც ერთ ღონისძიებაზე და რატომ არ აღმოჩნდა ჟურნალისტების ადგილი ავტობუსში, რომლითაც სააკაშვილმა იმგზავრა.
„მე ველაპარაკები თავისუფალ მედიას და თქვენ ისევე თავისუფლები ხართ, როგორც მე ვარ კიტრი. აქ არიან სერიოზული პოლიტიკოსები და მოიქეცით ნორმალურად. მე ვფიქრობ, რომ თქვენი ადგილი არის ივანიშვილის გვერდზე და ახლა დამანებეთ თავი. ნუ უშლით ხელს ხალხს მუშაობაში. თქვენ მოვალეობას ასრულებთ ივანიშვილის მიმართ. თქვენ ჟურნალისტები არ ხართ, თქვენ ხართ ივანიშვილის ჩვეულებრივი აგენტები და ივანიშვილის დაქირავებული ცრუპენტელა არხები. ეგრეა ზუსტად“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
კომენტარები