კახა კალაძემ ისნისა და ნაძალადევის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. ისანში ქართული ოცნების სახელით ნინი ლაცაბიძე, ლევან დავითაშვილი და ილია ჯიშკარიანი იბრძოლებენ, ნაძალადევში კი დავით ჭელიძე, მიხეილ ამაშუკელი, ალეკო ხუჯაძე, თამარ ტალიაშვილი.
კახა კალაძემ მოსახლეობას ის ძირითადი მიმართულებებიც გააცნო,რომლებიც მნიშვნელოვანია მისთვის და მისი გუნდისთის. კერძოდ: თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება და ყვითელი ავტობუსების ევროპული სტანდარტის შესაბამისი ავტობუსებით ჩანაცვლება, მეტროს რეაბილიტაცია, სოციალური პორბლემების მოგვარება, ბიზნესის ხელშეწყობა და ამით მეტი სამუშაო ადგილის შექმნა.
„ეს ადამიანები მომავალი ოთხი წლის განმავლობაში საკრებულოში ყველა იმ პრობლემის გამზიარებელი იქნებიან, რომლებიც თქვენს რაიონში მცხოვრებ ადამიანებს აწუხებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ კანდიდატების წარდგენისას.
შეხვედრაზე თბილისის მერობის კანდიდატმა ხაზი ეკოლოგიის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს გაუსვა და აღნიშნა, რომ ახალი გუნდი არამარტო არსებული პარკებისა და სკვერების მოწესრიგებაზე, არამედ ახალი რეკრეაციული ზონების შექმნაზეც იზრუნებს.მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, მუნიციპალური ტრანსპორტის მოწესრიგება და განახლება.
„ოთხი წლის განმავლობაში, მუნიციპალური ტრანსპორტის სრულიად განახლებას მოვახერხებთ. ძველი, ყვითელი ავტობუსები ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის ავტობუსებით ჩანაცვლდება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი არა მხოლოდ კომფორტული უნდა გახდეს, არამედ პოპულარულიც უნდა იყოს და პირველი ვიქნები, ვინც ამის პოპულარიზაციაში ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. ძალიან მნიშვნელოვანია მეტროს განახლება-მოწესრიგება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ამაზე ვიმუშაოთ და მეტროს, როგორც ვაგონების განახლება, ასევე, მეტროსადგურების რეაბილიტაცია შევძლოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძემ გლდანში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ გლდანის ამომრჩევლებს მაჟორიტარობის ოთხი კანდიდატი ოთარ გრიგოლია, გულია გოცირიძე, შალვა ოგბაიძე და ქეთევან ჯოხაძე წარადგინა.
თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, დასახელებული კანდიდატები არიან ადამიანები, რომლებიც მათი ამომრჩევლის პრობლემებს მაქსიმალური მონდომებითა და გულისხმიერებით მოაგვარებენ.
„კომპეტენტურ, ენერგიულ და პროგრესულ გუნდთან ერთად მოვდივარ. თბილისი განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე უნდა გადავიყვანოთ. კარგად გააზრებული, კომპლექსური გადაწყვეტილებები და მათი ეფექტური აღსრულება არის საჭირო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მერობის კანდიდატმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე ბავშვობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ მისი კარიერული წინსვლა სწორედ გლდანის რაიონიდან დაიწყო.
„ჩემი წარმატება ზუსტად ამ რაიონიდან და კონკრეტულად, ამ ადგილიდან – გლდანის მესამე მიკრორაიონიდან დაიწყო. სულ რაღაც 13 წლის ვიყავი, როდესაც სამტრედიიდან ჩამოვედი. არ მქონდა სახლი და ვცხოვრობდი აქ, გლდანში, მესამემიკრო რაიონში, მეოთხე კორპუსში, მამიდასთან. მინდა ამ რაიონს დღეს განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძემ მთაწმინდის მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინა
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მთაწმინდის მოსახლეობას შეხვდა და მათ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ჯაბა ჯიშკარიანი წარუდგინა.მერობის კანდიდატმა ბესიკის ქუჩაზე მდებარე სკვერში შეკრებილ მოსახლეობას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და მათ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
კალაძის განცხადებით, ქალაქის მერის პასუხისმგებლობა და ის პრობლემები, რომელიც დასაძლევია, კარგად აქვს გაცნობიერებული.
„ჩვენ წარმოვადგინეთ ის ხედვები, თუ რა გაკეთდება მომდევნო ოთხ წელიწადში, თუმცა მომავალი დღეების განმავლობაში ვგეგმავთ, ძირეულად გავაცნოთ საზოგადოებას ის პროექტები, რომლებიც ჩვენს დედაქალაქში განხორციელდება. ძალიან კარგად გვესმის, რომ ქალაქში მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობაა. ძალიან კარგად გვესმის, რომ მოსაწესრიგებელია ტრანსპორტი, ქაოტური განაშენიანება, უსახური შენობები – ეს ყველაფერი მოგვარებადია. ამ ყველაფერს სჭირდება ერთობა და ერთიანი ძალისხმევით, მათ მოგვარებას შევძლებთ“, – განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.
კახა კალაძის თქმით, გუნდი ერთიანი ძალებით, პირველივე დღიდან შეუდგება იმ პრობლემების დაძლევას, რომელიც მთაწმინდას და მთელ თბილისს აწუხებს.
„რა თქმა უნდა, ამას სჭირდება სახელისუფლო მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს. ჩვენს გუნდთან ერთად, თქვენს მაჟორიტართან ერთად, პირველივე დღიდან ძირეულად დავიწყებთ იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც ამ რაიონს აქვს. ჩვენ ძველი თბილისის განვითარების საკმაოდ ამბიციური გეგმა გვაქვს. ეს იქნება დამატებითი სტიმული – ახალი სიცოცხლე ძველი თბილისისთვის. კარგად ვიცი ავარიული სახლების პრობლემა, რომელიც თქვენს რაიონშია, კარგად ვიცი ის პრობლემები, რომელიც კომუნიკაციების მიმართულებით გაქვთ. ეს ყველაფერი გაკეთდება და ჩვენ ამას ერთობლივად აუცილებლად შევძლებთ. რაც მთავარია, ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ თბილისი ძალიან მალე, ძალიან სწრაფად იყოს სიცოცხლით სავსე ქალაქი“, – აღნიშნა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა.
კომენტარები