ვლადიმერ პუტინმა, ქსენია სობჩაკის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო მონაწილეობის შესახებ, კომენტარი გააკეთა.
„ვედემოსტი“-ს კორესპონდენტის კითხვაზე, როგორ შეაფასებს ვლადიმერ პუტინი ქსენია სობჩაკის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, პრეზიდენტმა განაცხადა: მე არ უნდა განვსაზღვრო ვინ არის რუსი ხალხისათვის უკეთესი.
„ნებისმიერ ადამიანს, კანონის შესაბამისად, შეუძლია საკუთარი კანდიდატი წამოაყენოს, ქსენია სობჩაკიც გამონაკლისი არ არის. პატივისცემით ვეპყრობოდი და ვეპყრობი მამამისს, ანატოლი სობჩაკს.
მიმაჩნია რომ ის რუსეთის თანამედროვე ისტორიის თვალსაჩინო წარმომადგენელია. ამას, ყოველგვარი ირონიის გარეშე ვამბობ. ის პატიოსანი ადამიანი იყო და დიდი როლი შეასრულა ჩემს ცხოვრებაში. მაგრამ, როცა საუბარია საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, პირადი ხასიათის საკითხებს გადამწყვეტი როლი არ აქვს.
ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა პროგრამას წარმოადგენს სობჩაკი, თუ მართლა გადაწყვეტს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და იმაზე, თუ როგორ წარმართავს საპრეზიდენტო კამპანიას. აი, ამაზე იქნება დამოკიდებული მისი წარმატება.
ის, რომ ქსენია სობჩაკი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს – პირველად მესმის. დარწმუნებული ვარ იქნებიან სხვა კანდიდატებიც“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.
ცნობისათვის, ქალებმა ორჯერ მიიღეს მონაწილეობა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, 2000 წელს ელა პამფილოვამ 1,01% ხმა მოიპოვა, ხოლო 2004 წელს ირინა ხაკამადამ 3,84%.
კომენტარები