საქალაქო სასამართლომ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ლევან ძაგნიძეს და კერძო არქიტექტორს ვალერი მიმინოშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე დავით კურტანიძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ორივე პირი პატიმრობაში დატოვა.
საქმის პროკურორი დავით გუმბერიძე ორივე პირის პატიმრობას ითხოვდა, რადგან მისი თქმით, მოსალოდნელი მკაცრი სასჯელის გამო გირაოთი გათავისუფლების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა მათი მიმალვა. დაცვის მხარე მიმალვის საფრთხეს გამორიცხავდა და გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა” მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ პროკურატურის მიერ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის თაღლითობის ბრალდებით დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„მთავარმა პროკურატურამ დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ბრალდებით თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ძაგნიძე დააკავა. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში ის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლის რანგში სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის (ე.წ. ზონალური საბჭოს) წევრი იყო.
ვინაიდან კომისია პასუხისმგებელია თბილისის მთავრობისთვის ქალაქის განაშენიანების, მიწათსარგებობის, სპეციალური ზონალური შეთანხმების დადებისა და სხვა საკითხებზე დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებაზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ამჟამად იკვლევს მისი წევრების შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევებსა და კორუფციის რისკებს. ამ მიზეზით ორგანიზაციას შესწავლილი აქვს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ყოფილ მაღალჩინოსან ლევან ძაგნიძესთან დაკავშირებული ინტერესთა კონფლიქტის რისკებიც.
ქონებრივი დეკლარაციების თანახმად, ლევან ძაგნიძე 2014-2016 წლებში იკავებდა არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილისა და სანებართვო დეპარტამენტის უფროსის თანამდებობებს. ის სსიპ საგანმანათლებლო სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს არქიტექტორიც იყო. ამავე დროს, ლევან ძაგნიძე 2013 წლიდან (მათ შორის თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურსა და ზონალურ საბჭოში საქმიანობის პერიოდშიც) არის შპს A3-ის ერთ-ერთი დირექტორი და 33%-იანი წილის მფლობელი. კომპანიის წესდებით, მისი საქმიანობის სფეროებია არქიტექტურული საქმიანობა, პროექტირება და დიზაინი, ფართების ლეგალიზება, აზომვითი სამუშაოები და არქიტექტურული კონსულტაცია. ქონებრივ დეკლარაციებში ლევან ძაგნიძეს მითითებული არ აქვს, რომ გარდა შპს A3-ის მეწილეობისა, ის დირექტორის პოსტსაც იკავებდა. ეს ეწინააღმდეგება “საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის მოთხოვნას, რომლის თანახმად, თანამდებობის პირი ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას ვალდებულია მიუთითოს ინფორმაცია სამეწარმეო საქმიანობის შესახებ, მათ შორის, სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის ფორმის ჩათვლით.
ლევან ძაგნიძე ე.წ. ზონალური საბჭოს წევრი 2014 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით იყო. საინტერესოა, რომ როგორც მისი კომისიაში წევრობის, ასევე მის შემდეგ პერიოდშიც, კომისიამ ლევან ძაგნიძის ბიზნესპარტნიორის გიორგი მირიანაშვილის (შპს A3-ის ერთ-ერთი დირექტორი და 33% წილის მესაკუთრე) 3 განცხადება დააკმაყოფილა ქალაქმშენებლობითი პარამეტრის (მაგალითად, შენობების ნებადართული სიმაღლის) გაზრდაზე. მათ შორის, პირველი თანხმობა 2014 წელს ლევან ძაგნიძის კომისიის წევრობის პერიოდშია გაცემული. განცხადებაში მისამართზე დელისის III ქუჩა N22-ში ფუნქციურ დანიშნულებად მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლია მითითებული, მთავარი არქიტექტორი კი ალექსანდრე სესიაშვილია, რომელიც A3-ის 34% წილის მესაკუთრე, ერთ-ერთი დირექტორი და შესაბამისად, მირიანაშვილისა და ძაგნიძის ბიზნესპარტნიორია. მირიანაშვილის ამავე შინაარსის (ქალაქმშენებლობითი პარამეტრის გაზრდის) განცხადებაზე ზონალურ საბჭოს 2015 წელს კიდევ 2 თანხმობა აქვს გაცემული. აქედან ერთ-ერთ განცხადებაში თავად შპს “A3”-იც ფიგურირებს.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიაჩნია, რომ სათანადო პრევენციული მექანიზმების არარსებობის პირობებში, საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებით ინტერესთა კონფლიქტის მაღალი რისკები არსებობს, რისი ერთ-ერთი შესაძლო მაგალითი წარმოდგენილი შემთხვევაცაა. ორგანიზაცია აგრძელებს კვლევას ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიაში (ე.წ. ზონალური საბჭოს) ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის რისკების გამოსავლენად და ანგარიშს სრული სახით მიმდინარე თვის ბოლოს გამოაქვეყნებს“, – ნათქვამიაგანცხადებაში.
სამართლადამცველებმა თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს
არქიტექტურის სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილესთან ერთად კიდევ ერთი პირია დაკავებული. როგორც ადვოკატმა კახა კვაშილმა განაცხადა მეორე დაკავებულსაც ამავე ეპიზოდში თაღლითობის მცდელობას ედავებიან.ადვოკატის განცხადებით, საუბარია 2016 2017 წლის დანაშაულზე კერძოდ თაღლითობის მცდელობაზე,რომელსაც ბრალდებული ძაგნიძე არ აღიარებს. ვინ არის დაზარალებული ადვოკატი არ ახმაურებს.
მისი თქმით, საქმის მასალები არ გადასცემია და დეტალებზე საუბარი არ შეუძლია. ადვოკატი არც მეორე დაკავებულის ვინაობას არ ასაჯაროებს. ძაგნიძეს კი ბრალი ცოტა ხნის წინ თაღლითობის მცდელობის მუხლით წაუყენეს. იგი მერისს არქიტექტურის სამსახურში უფროსის მოადგილედ 2016 წლამდე მუშაობდა.
პროკურატურამ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით განცხადება უკვე გაავრცელა.
“საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების მიერ, დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე დაკავებული იქნა ორი მოქალაქე.ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ ლ.ძ-მ კერძო არქიტექტორ ვ.მ-სთან შეთანხმებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, განიზრახეს და მოქალაქე ი.ი.-ს შესთავაზეს, რომ ისინი შეძლებდნენ ქ. თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე მდებარე ოთხ სხვადასხვა მიწის ნაკვეთზე „განაშენიანების რეგულირების გეგმის“ შეთანხმებას, რისთვისაც ი.ი.-ს ვითომდა მერიის თანამშრომლებისთვის გადასაცემად ჯამში მოსთხოვეს 38 000 აშშ დოლარი, რაც ი.ი-ს მიერ სხვადასხვა დროს ეტაპობრივად იქნა გადაცემული ლ.ძ -სა და ვ.მ.-სთვის.სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილი იქნა, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების განზრახვით და აღნიშნული თანხა მოიხმარეს პირადი მიზნებისთვის. ორივე მათგანი 2017 წლის 30 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულ იქნენ ბრალდებულის სახით.
2017 წლის 31 აგვისტოს ლ.ძ-სა და ვ.მ.-ს ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქმეზე გრძელდება გამოძიება სსკ-ის 19,180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.”- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში,
სამართლადამცველებმა თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს
თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე დაკავებულია, ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი2“ ავრცელებს. დაკავებულის ადვოკატის კახა კვაშილავას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი თაღლითობის მუხლით აქვს წაყენებული. კვაშილავას თქმით, საქმე არ უკავშირდება მერიაში მუშაობის პერიოდს.
„ბრალი წარგვედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, ეს არის თაღლითობა. სისხლის სამართლის საქმის დეტალებს არ ვიცნობთ, ამ ეტაპისთვის მოკლებული ვარ შესაძლებლობას, რომ გითხრათ დეტალები, თუ რას მოიცავს მთლიანობაში ბრალის შემადგენლობა. ის არ ეთანხმება წარდგენილ ბრალს, არ აღიარებს ამ ეტაპისთვის. საქმე არ უკავშირდება მერიაში მუშაობის პერიოდს. ბრალის დადგენილებაში არის მითითებული კონკრეტული მტკიცებულებები, თუმცა მტკიცებულებებს შინაარსობრივ მხარეს ჯერ არ გავცნობივარ, ამიტომ დეტალებზე საუბარი გამიჭირდება“,-განაცხადა კვაშილავამ.
კომენტარები