დღეს, 2017 წლის 31 აგვისტოს, საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოსთვის ცნობილი გახდა, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტის მოქმედი გამგებლის მხრიდან ხდება ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივი გამოყენება და საარჩევნო კანონმდებლობის უხეში დარღვევა.
კერძოდ, 30 აგვისტოს, მოქმედმა გამგებელმა, ლევან ცაბაძემ (მოცემულ მომენტისათვის ლევან ცაბაძე საინიციატივო ჯგუფიდან იყრის კენჭს), ააიპი-ების ხელმძღვანელებს ჩაუტარა თათბირი და განუცხადა, რომ ააიპი-ების ყველა თანამშრომელი (მათ შორის არიან: ბაღების გაერთიანებების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები) უნდა მივიდეს შტაბში და მოაწეროს ხელი ლევან ცაბაძის მხარდამჭერთა სიაში.
ამ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, მრავალეროვანი საქართველოს გრძელვადიანი დამკვირვებელი თავად შეხვდა და გაესაუბრა მოწმეებს, რომლებმაც ეს ინფორმაციას დაადასტურეს.
ამ ფაქტთან დაკავშირებით, საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო მიმართავს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რათა უზრუნველყოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვა და დამრღვევ პირთა მიმართ გაატაროს დროული და ადეკვატური პასუხისმგებლობის ზომები, ხოლო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას მისი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებისათვის.
ასევე მრავალეროვანი საქართელო მოუწოდებს ხელისუფლებას, განსაკუთრებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისაგან.
საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო ახორციელებს წინასაარჩევნო და არჩევნების დღის მონიტორინგს ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონებსა და თბილისში.
სამონიტორინგო პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვის (NED), და ფონდი „ღია საზოგადოება საქარველოს“ (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით.
[R]
კომენტარები