NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»არცერთი ვერტმფრენი  გაუმართავი არ ყოფილა

არცერთი ვერტმფრენი  გაუმართავი არ ყოფილა

28 აგვ 2017 მნიშვნელოვანი 2009 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შს მინისტრის განცხადებით, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელიც ავარიულად დაეშვა,  გაუმართავი არ ყოფილა, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ვერტმფრენს ჩაუტარდება ექსპერტიზა და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რამ გამოიწვია ავარიული დაშვება.

„გამოძიების ფარგლებში დაინიშნება ექსპერტიზები და ექსპერტიზის დასკვნას დაველოდებით და ყველაფერი გაირკვევა დასკვნის შემდეგ. გაუმართავი არცერთი ვერტმფრენი არ ყოფილა, ყველა ვერტმფრენი იყო გამართული, ერთ ვერტმფრენს უტარდებოდა რეგლამენტი, როდესაც ჩაუტარდა რეგლამენტი, ისიც შემოუერთდა მეორეს, მაგრამ ეს ის ვერტმფრენი არ არის. ეს  ვერტმფრენი პირველივე დღიდან მუშაობდა სტიქიის ზონაში“,-განაცხადა მღებრიშვილმა.

შს მინსტრის განცხადებთ, სტიქიის ზონაში რჩება შსს-ს 300 თანამშრომელი, იგივე რაოდენობის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი და ადგილობრივი სატყეოს თანამშრომლები.

„ჩვენი თანამშრომლები რჩებიან 300 კაცის შემადგენლობით, ასევე თავდაცვის სამინისტრო იგივე რაოდენობის თანამშრომლებით არის წარმოდგენილი, ასევე ჩართლები არიან სატყეოს თანამშრომლები, ასე, რომ ცოცხალი ძალა საკმარისი გვყავს“,-განაცხადა მღებრიშვილმა.

ბორჯომის ხეობაში ცეცხლის ახალი კერის გაჩენა არ დასტურდება

“ბორჯომის ხეობაში ცეცხლის ახალი კერა არ გაჩნენილა.” – როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ქარის გამო ნახანძრალზე მტვერდება ნაცარი, რის გამოც შესაძლოა დაკვამლიანება შეინიშნებოდეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით ადგილზე მეხანძრეები და სამაშველო სამსახურის ბრიგადები მუშაობენ და ყველა წერტილი კონტროლდება.

ენერგეტიკის მინისტრ ილია ელოშვილის თქმით ხეობაში სრული მობილიზება გვალვიანი პერიოდის დასრულებამდე იქნება.

მდინარე გუჯარულადან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ამოიყვანეს

მდინარე გუჯარულადან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ამოიყვანეს. როგორც News.ge -ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ვერტმფრენის გადმოყვანა თბილისში დღესვე მოხერხდება.

ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი საგანგებო შტაბის სხვა წევრებთან ერთად იმყოფებოდნენ.

ბორჯომის ხეობაში წყალში ჩავარდნილი ვერტმფრენის ამოყვანა კვლავ ვერ ხერხდება

ბორჯომის ხეობაში დღეს დილიდან განახლდა სამუშაოები წყალში ჩავარდნილი ვერტმფრენის ამოსაყვანად. სამუშაოების დასრულება დღეს იგეგმება.დღესვე დადგინდება ზარალი,რომელიც სახელმწიფოს მიადგა ვერტმფრენის დაზიანების გამო.საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის არასწორ ექსპლუატაციას ან გაუმართაობას გულისხმობს.

საგანგებო შტაბი ბორჯომის ხეობაში  კვლავ  24-საათიან რეჟიმში განაგრძობს  მუშაობას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სასაზღვრო პოლიციის მფრინავებს კლინიკაში ტელეფონით ესაუბრა.

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის 4-მა თანამშრომელმა ღუდუშაურის სახელობის კლინიკა უკვე დატოვა. საავადმყოფოში მათ ყველა აუცილებელი კვლევა ჩაუტარდათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სასაზღვრო პოლიციის მფრინავებს კლინიკაში ტელეფონით ესაუბრა. პრემიერ-მინისტრმა ეკიპაჟის წევრებს პროფესიონალიზმისა და გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და ჯანმრთელობა უსურვა.

სამკურნალო დაწესებულებაში მფრინავებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და შს მინისტრის მოადგილე დავით ვარდიაშვილი დახვდნენ და დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას პირადად გაეცნენ.

ბორჯომის ხეობაში, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილი ხელოვნური ავზიდან წყლის აღების დროს, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა ავარიული დაშვება განახორციელა. ვერტმფრენში მყოფი ეკიპაჟის 3 წევრი და სამაშველო ოპერაციის მონაწილე, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მეოთხე თანამშრომელი, სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა თბილისში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს“, – აცხადებენ შსს-ში.

ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრები ღუდუშაურის კლინიკიდან გაწერეს

ბორჯომის ხეობაში „მი-8“-ს ტიპის ვერტმფრენის ავარიულად დაშვებისას დაშავებული ოთხივე პირი საავადმყოფოდან გაეწერა.  ამის შესახებ  ინფორმაცია პირველი არხი ავრცელებს  .

შეგახსენებთ ,რომ დაშავებულები ღუდუშაურში პრევენციისა და შემდგომი გამოკვლევის მიზნით რამდენიმე საათის წინ მიიყვანეს. არსებული ინფორმაციით, სამი პირი ვერტმფრენში იმყოფებოდა, ერთი კი, დაშავებულების სამაშველო ღონისძიების დროს დაზარალდა.

ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ჩავიდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის დავალებით, ბორჯომის ხეობაში ჩავიდა და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებისას ქართული ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

“გავეცანით ადგილზე ვითარებას. პირველადი მონაცემებით, ვერტმფრენმა წყლის შევსების დროს განახორციელა წყალზე ავარიული დაშვება, რასაც მისი გადატრიალება მოჰყვა. პილოტების მდგომარეობა ამ დროისთვის არის სრულიად დამაკმაყოფილებელი. არავინ მძიმედ არ დაშავებულა. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. შემდეგ გავეცნობით სიტუაციას, თუ რა მოხდა სრულად“,- განაცხადა აბაშიშვილმა.

მისივე თქმით, ჩვეული ტემპითა და რიტმით გრძელდება ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

„არც ერთი წუთით არ არის შეფერხება. მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები ძალიან აქტიურად არიან ჩართული სალიკვიდაციო სამუშაოებში. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პილოტების ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება და სხვა დანარჩენი დეტალები გამოძიების დასრულების შემდგომ გახდება ცნობილი“, – განაცხადა აბაშიშვილმა.

გიორგი აბაშიშვილის კომენტარი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის დავალებით, ბორჯომის ხეობაში ჩავიდა და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებისას ქართული ვერტმფრენის ინციდენტთან დაკავშირებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო

Posted by საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია on კვირა, 27 აგვისტო, 2017

დავით სერგეენკო – ბორჯომში დაშავებულებს მსუბუქი დაზიანებები აქვთ

ბორჯომში დაშავებულებს მსუბუქი დაზიანებები აქვთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ღუდუშაურის კლინიკაში განაცხადა, სადაც დაშავებულები მოათავსეს. 

„საბედნიეროდ, ოთხივეს მდგომარეობა მსუბუქია. არც ერთს აღენიშნება მძიმე დაზიანება. პირველი რიგის კვლევები უკვე ჩატარებულია. წინასწარი შეფასებით, მდგომარეობა მსუბუქია. მოხდა ვერტმფრენის ავარიული დაჯდომა. სამი ეკიპაჟის წევრია, ერთი მაშველი. მათ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სულ ცოტა ხანში, უფრო დეტალური ინფორმაცია გვექნება კვლევებზე, რათა ყველაფერი გამოვრიცხოთ. ოთხივე მათგანი კონტაქტურია და ადეკვატური. როგორც წესი, ასეთი დაზიანების დროს პაციენტები რამდენიმე საათის განმავლობაშ რჩებიან სამედიცინო დაწესებულებაში. მფრინავების პროფესიონალიზმმა იხსნა მათი სიცოცხლე, მათ მოახერხეს წყალზე მომხდარიყო ავარიული დაჯდომა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ. 

მღებრიშვილი ვერტმფრენის ჩამოვარდნაზე: დიდი უბედურება ავიცილეთ თავიდან

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგ მღებრიშვილმა ცოტა ხნის წინა ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენის ჩამოვარდის შესახებ განცხადება გააკეთა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილმა ვერტმფრენმა “მი 8″-მ წყლის აღების დროს ვერტმფრენმა განახორციელა ავარიული დაშვება. იმის გამო, რომ ავზი უკვე ავსებული იყო, პილოტები იძულებულები გახდნენ, აპარატი წყალზე დაესვათ, რის შემდგომაც ვერტმფრენმა წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და გადაბრუნდა. საგანგაშო ამ დროისთვის არაფერია. დიდი უბედურება ავიცილეთ თავიდან.  სამივე მფრინავი ჯანმრთელადაა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.ეს ის ბორტია, რომელმაც ამ დღეების განმავლობაში 600-ჯერ დაასხა წყალი სხვადასხვა კერას, 1300 ტონა წყალი გამოიყენა.”- განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, სამივე მფრინავის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს არაფერი ემუქრება.

ვფიქრობ, საგანგაშო არაფერია, რადგან ავიცილეთ დიდი უბედურება. ჩვენი სამივე მფრინავის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს არაფერი ემუქრება. ეს ის ბორტია, რომელმაც 600-მდე შემოფრენა გააკეთა ამ რამოდენიმე დღის განმავლობაში. 600-ჯერ დაასხა წყალი სხვადასხვა კერას, 1300 ტონა წყალი გამოიყენა. ვფიქრობ, რომ ეს ბიჭები გმირები არიან და მათ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკოცებს გმირობა იმით, რომ არ დაიბნენ და დიდი უბედურება ავიცილეთ თავიდან“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, აბსოლუტურად ყველა ვერტმფრენს რეგლამენტი უტარდება მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ესეთ ფორსმაჟორულ ვითარებაში ვმუშაობთ.

„ორი დღის წინ, სწორედ ეს ვერტმფრენი საღამოს გაფრინდა თბილისში, გაიარა რეგლამენტი და დაბრუნდა დილით ისევ აქ. არაფერი პრობლემა ვერტმფრენს არ ჰქონია. თუ რა მოხდა, ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტები, დაიწყო გამოძიება და უახლოეს პერიოდში გამომძიებლები გვეტყვიან დეტალურ ინფორმაცია“, – განაცხადა მინისტრმა.

გიორგი მღებრიშვილის თქმით, დანარჩენი ვერტმფრენები ბორჯომის ხეობაში მუშაობას აგრძელებენ.

„დღეს იქნება ალბათ მიღებული გადაწყვეტილება და ჩვენი მეგობრები, ჩვენი კოლეგები, ვინც მეგობარი ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ, ალბათ დატოვებენ საქართველოს“, – განაცხადა მინისტრმა.

 

ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენის ჩამოვარდის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილ ვერტმფრენს – „მი-8“ – ს სარეგლამენტო შემოწმება 2 დღის წინ, 25 აგვისტოს ჩაუტარდა. მოცემულ დროს, ვერტმფრენის ძრავი სრულ წესრიგში იმყოფებოდა – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

„ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბას მიმდებარედ, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის ცალკეული, მცირე კერების პრევენციული დამუშავებისას, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილი ხელოვნური ავზიდან წყლის აღების დროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა – „მი-8“-მ ავარიული დაჯდომა განახორციელა.

შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ სახანძრო – სამაშველო ჯგუფები და შესაბამისი სპეცტექნიკა, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

პირველადი ინფორმაციით, წყლის აღების დროს, ვერტმფრენს ჩამოვარდნის საფრთხე შეექმნა. მფრინავების პროფესიონალური და ოპერატიული მოქმედების შედეგად, შესაძლებელი გახდა ვერტმფრენის დასმა, რითაც თავიდან იქნა აცილებული უდიდესი ტრაგედია. იმის გამო, რომ კალათა წყლით იყო სავსე, ავარიული დაშვება წყალზევე განხორციელდა.

პრევენციისა და შემდგომი გამოკვლევის მიზნით, ვერტმფრენში მყოფი ეკიპაჟის 4 წევრი თბილისში, სამკურნალო დაწესებულებაში გადაჰყავთ. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილ ვერტმფრენს – „მი-8“ – ს სარეგლამენტო შემოწმება 2 დღის წინ, 25 აგვისტოს ჩაუტარდა. მოცემულ დროს, ვერტმფრენის ძრავი სრულ წესრიგში იმყოფებოდა. ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს აღნიშნულმა ვერტმფრენმა 600-მდე გაფრენა განახორციელა და ცეცხლის კერებს 1300-მდე ტონა წყალი დაასხა.

ფაქტზე გამოძიება შსს-მ სსკ-ს 275-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო“, – აცხადებენ შსს-ში.

 

ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ

ბორჯომის ხეობაში, წყლის რეზერვუართან, სადაც ვერტმფრენი ჩამოვარდა, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ამასთან, მიმდინარეობს სამუშაოები ვერტმფრენის წყლიდან ამოსატანადაც. მომხდარის მიზეზების შესახებ ოფიციალური კომენტარი ჯერ არ კეთდება. არსებული ინფორმაციით, მოგვიანებით ინფორმაციას შსს გაავრცელებს.

ბორჯომში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილზე გიორგი მღებრიშვილი მივიდა

ბორჯომის ხეობაში, წყლის რეზერვუართან, სადაც სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვარდა, შინაგან საქმეთა მინისტრი მივიდა. მინისტრს კომენტარი არ გაუკეთებია. .

ბორჯომის ხეობაში ქართული ვერტმფრენი დღეს დილით წყალში ჩავარდა. ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრები ჯერ ბორჯომის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ამჟამად კი, ღუდუშაურის კლინიკაში გადაჰყავთ.

ფოტო:imedinews

 

ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენი ჩამოვარდა

 

ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე ქართული ვერტმფრენი ჩამოვარდა. ის წყლის აღების მომენტში, წყალში ჩავარდა.

არსებული ინფორმაციით, პილოტები მძიმედ არ დაშავებულან. ვერტმფრენში ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა

ფოტო ეკუთვნის:imedinews

ბორჯომის ხეობას სამხედროები ტოვებენ

ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა საქართვრლოს პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით საგანგებო შტაბი მუშაობას კიდევ რამდენიმე დღე განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზევრცელდება.

უწყების ინფორმაციით, დღეს დილით საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და ენერგეტიკის მინისტრების ერთობლივი თათბირი გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც მინისტრებმა არსებული ვითარება ვერტმფრენით შეისწავლეს. თავდაცვის მინსტრის თქმით, ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა პრევენციის მიზნით ადგილზე ცოცხალი ძალა კიდევ რამდენიმე დღე დარჩება, ტერიტორიის მონიტორინგისა და პატრულირების მიზნით.

თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ  სამხედროები ბორჯომის ხეობასორი დღის განმავლობაში ეტაპობრივად დატოვებენ. 1200 სამხედრო მოსამსახურიდან ადგილზე მონიტორინგისთვის მხოლოდ ერთი ასეული დარჩება.

პრევენციის მიზნით ბორჯომის ხეობაშ ცოცხალი ძალა კიდევ რამდენიმე დღე დარჩება

„ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, საგანგებო შტაბი მუშაობას კიდევ რამდენიმე დღე განაგრძობს“, – აცხადებს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.

დღეს დილით საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და ენერგეტიკის მინისტრების ერთობლივი თათბირი გაიმართა რომლის დასრულების შემდეგაც მინისტრებმა არსებული ვითარება ვერტმფრენით შეისწავლეს.

თავდაცვის მინისტრის თქმით, ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა პრევენციის მიზნით ადგილზე ცოცხალი ძალა კიდევ რამდენიმე დღე დარჩება, ტერიტორიის მონიტორინგისა და პატრულირების მიზნით. ლევან იზორიას განცხადებით, ხანძრის ლიკვიდირება სხვადასხვა უწყებების აქტიური ძალისხმევით მოხერხდა.

ბორჯომის ხეობაში საველე შტაბში თათბირი გამართა

ბორჯომის ხეობაში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის საველე შტაბში გიორგი მღებრიშვილმა თათბირი გამართა, რომელსაც მთავრობის წევრები და შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. საგანგებო შტაბის სხდომაზე გასული ღამის მანძილზე ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამ დროისთვის მიმდინარეობს ცალკეული კერების დამუშავება.

მთელი ღამის მანძილზე ხეობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებდნენ შსს-ს სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები და თავდაცვის სამინისტროს საჯარისო დანაყოფები. მობილიზებულია ავიაცია, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშოებში ისევ ჩაერთვება.

საგანგებო შტაბი მუშაობას ხანძრის კერების სრულ დამუშავებამდე განაგრძობს. რამდენიმე დღის განმავლობაში, ნახანძრალ ტერიტორიაზე, ასევე, სოფელ დაბის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში, შსს-ს მეხანძრე-მაშველები 24 საათიან მონიტორინგს განახორციელებენ.

 

შეხვედრა სომეხ მეხანძრე-მაშველებთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბორჯომის ხეობაში განთავსებული სომეხი მეხანძრე-მაშველების ბანაკში მივიდა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ისინი საქართველოში ქვეყნისთვის მძიმე დღეებში ჩამოვიდნენ და სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. ,,თქვენ, ჩვენს ბიჭებთან ერთად, ებრძოდით ამ ხანძარს და იბრძოლეთ თავდაუზოგავად და წარმატებულად. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ძმური დახმარებისთვის. ვაფასებთ ყველაფერს რაც გააკეთეთ”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილმა სომეხ ხალხს,  სომხეთის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა.

სომხეთის საგანგებო სიტუაციის სამინისტრომ, ხანძრის ჩაქრობის პროცესში დასახმარებლად, 4 ერთეული მაღალი გამავლობის სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, 9 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა,  65 მეხანძრე-მაშველი გამოაგზავნა.

შეხვედრა აზერბაიჯანელ მეხანძრე-მაშველებთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მაშველ-მეხანძრეებს შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა მათ სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისათვის და გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, აზერბაიჯანი იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც სტიქიის ზონაში ვერტმფრენები გამოგზავნა, რაც განსაკუთრებით დასაფასებელია. 

 მან აზერბაიჯანის პრეზიდენტს, მთავრობას და ხალხს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ბორჯომის ხეობაში სტიქიასთან ბრძოლაში ჩართული იყო აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს 1 ვერტმფრენი და სასაზღვრო პოლიციის 2  სადესანტო ვერტმფრენი. 12 ერთეული სახანძრო მანქანა, 7 ერთეული სპეც. ტექნიკა, 90 მეხანძრე-მაშველი. 

ვამაყობ, რომ ასეთი ვაჟკაცები ყავს ჩვენს ქვეყანას

,,ადამიანურად მადლობა მინდა გითხრათ თქვენი თავდადებისათვის და გმირობისთვის. გულით ვამაყობ, რომ ასეთი ვაჟკაცები ყავს ჩვენს ქვეყანას.”- ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მეხანძრე-მაშველებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, ჯარისკაცებს, მეტყევეებსა და  ექიმებს.

,,თქვენ გადაარჩინეთ ათასობით ჰექტარი ტყე. ცუდია რაც მოხდა, მაგრამ გაცილებით ცუდი შეიძლება მომხდარიყო, რომ არა თითოეული თქვენთაგანის გმირობა. მადლობა ყველას”- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 650 თანამშრომელი, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 900 თანამშრომელი, მათ რიგებში არიან მეხანძრე-მაშველები, სასაზღვრო პოლიციის 20 მფრინავი. ასევე, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები, პოლიციელები, ექიმები, ენერგეტიკის და ინფრასტრუქტურის სექტორში მომუშავე კომპანიების წარმომადგენლები. გამოყენებული იყო ათეულობით ერთეული მძიმე ტექნიკა, ასევე ავიაცია.

სტიქიას ებრძოდა თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის და საინჟინრო ბრიგადის ათასზე მეტი სამხედრო.

ცოცხალი ძალა და ტექნიკა, ცეცხლის საბოლოო ლიკვიდაციამდე, ბორჯომის ხეობაში რჩება.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, სტიქიასთან მებრძოლ მფრინავებს და ეკიპაჟის წევრებს მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მფრინავებს და ეკიპაჟის წევრებს, რომლებიც ცეცხლის სტიქიას რამდენიმე დღის განმავლობაში ებრძოდნენ. პრემიერ-მინისტრი ეკიპაჟების დისლოკაციის ადგილზე მივიდა და საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის, ბელორუსის სახელმწიფოების შესაბამისი უწყებების მფრინავებს და ეკიპაჟის წევრებს შეხვდა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სტიქიასთან ერთობლივი ბრძოლა იყო  ადამიანური, მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების საუკეთესო გამოვლინება.

ხანძრის პირველივე წუთებიდან სალიკვიდაციო ოპერაციაში ჩართული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი, ასევე, აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს 1 ვერტმფრენი და სასაზღვრო პოლიციის 2  სადესანტო ვერტმფრენი. თურქეთის სატყეო სახანძრო სამსახურის 2 ვერტმფრენი და 1 თვითმფრინავი, ბელორუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს 1 ვერტმფრენი.

გიორგი კვირიკაშვილი : შეიძლება ითქვას, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია

“შეიძლება ითქვას, რომ ხანძარი არის ლიკვიდირებული, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა  განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ამის მიუხედავად საგანგებო შტაბი მუშაობას გააგრძელებს, ტექნიკა კი მობილიზებული იქნება.

როგორც ცნობილია, პრემიერის ადგილზე ყოფნა აუცილებელი არ არის. ის ბორჯომის ხეობას ამაღამ ან გამთენიისას დატოვებს.

ენერგეტიკული კომპანიები ხანძრის კერების ლიკვიდაციაში აქტიურად მონაწილეობენ

ენერგეტიკის სამინისტროს ორგანიზებით, ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციაში ენერგეტიკული კომპანიები აქტიურად მონაწილეობენ. ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების  კომპანიის“, კომპანია ,,საქრუსენერგოს“, ,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“,  კომპანია ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ და საქართველოს ნავთობისა და გაზის  კორპორაციის  კუთვნილი ტექნიკა და თანამშრომლები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ.

ენერგეტიკულ კომპანიებთან ერთად ხანძრის კერების ლიკვიდაციაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა  ასევე კომპანია ,, ბლექ სი გრუპმა “.  სამუშაოები  სოფელ ყვიბისის და სოფელ წაღვერის მიმდებარე ტერიტორიებზე  მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, მოხდა ძირითადი კერების ლოკალიზება და თავიდან იქნა აცილებული ბაკურიანისა და მიტარბის მიმართულებით ხანძრის გავრცელების საშიშროება.

სამხედროების ნაწილი კერების დამუშავებაზე იმუშავებს

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ბორჯომის ხეობაში, სტიქიის ზონაში შეიარაღებული ძალების ამოცანების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ  ხანძრის სალიკვიდაციო პირობების შესაქმნელად მოსამზადებელი სამუშაოები თავდაცვის ლოჯისტიკურმა სამსახურმა ჩაატარა.

“ჩვენ მოვამზადეთ საჭირო ინფრასტრუქტურა, რათა სამხედროებს მისცემოდა სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართვის საშუალება. გავიყვანეთ გზები, სადაც ავიდოდა მძიმე ტექნიკა და წყლით მოამარაგებდა ფიზიკურ ძალას რომელიც ამუშავებს დარჩენილ კერებს. ნაწილი სამხედროების იმუშავებს კერების დამუშავებაზე, ხოლო მეორე ნაწილი სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ შეუდგება მონიტორინგს მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში. ფიზიკური ძალის სტიქიის ზონაში შემოყვანამდე, წინამოსამზადებელი სამუშაოები ლოჯისტიკურმა სამსახურმა ჩაატარა და მძიმე ტექნიკისა და ცოცხალი ძალის ჩართვის საშუალება ამის შემდეგ მოგვგეცა“, – აცხადებს ლევან იზორია.

სამხედრო მოსამსახურეებმა ბორჯომის ხეობაში ხანძრის რამდენიმე კერა აღმოფხვრეს

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა ბორჯომის ხეობაში ხანძრის რამდენიმე კერა აღმოფხვრეს. სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლდიმერ ჩაჩიბაია უშუალოდ მონაწილეობდნენ.

გეგმის მიხედვით სამხედრო მოსამსახურეები მეორე და მეცხრე სექტორზე გადანაწილდნენ. ჯარისკაცებმა გარკვეულ უბნებზე ხანძრის ლიკვიდაცია მოახდინეს, რითიც ხანძრის გავრცელების რისკი თავიდან იქნა აცილებული. ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ჯარისკაცები საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ.

თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, ლიკვიდირებულ ხანძრის კერებზე სამხედროთა გარკვეული რაოდენობა დარჩება, სადაც ჯარისკაცები პატრულირებას განახორციელებენ ცეცხლის კერების აღმოცენების პრევენციის მიზნით.

ამ მომენტისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ხანძრის კერების დამუშავების პროცესში კვლავ აქტიურად მონაწილეობენ. ჯარისკაცები ხანძრის კერების დამუშავებას განაგრძობენ და ადგილზე რჩებიან. ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შეიარაღებული ძალები საქართველოს პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით დღეს დილიდან ჩაერთვნენ.

პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება, ყველა ძირითადი კერა ლოკალიზებულია

შს მინისტრის განცხდებით, ბორჯომის ხეობაში, ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება. გიორგი მღებრიშვილის განცხდებით, ძირითადი კერები უკვე ლოკალიზებულია. მინისტრი იმედოვნებს, რომ უახლოეს დღეებში პრობლემა საბოლოოდ გადაწყვეტილი იქნება.

„დღეს უკვე საკმაოდ პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება, ყველა ძირითადი კერა ლოკალიზებულია, მიუხედავად ამისა, ყველა სამსახური, რომელიც აქ მობილიზებულია, განვაგრძობთ მუშაობას. ცოცხალი ძალის დამატება ჩვენ დაგვჭირდა იმიტომ, რომ ავიაციის ეფექტური მუშაობის შემდგომ, წვრილ-წვრილი კერები, რომელიც არის დარჩენილი, ეს არის უკვე ხელით დასამუშავებელი და ცოცხალმა ძალამ უნდა იმუშაოს. ჩვენ ინტენსიურად ვაგრძელებთ მუშაობას 24 საათიან რეჯიმში. მე ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეეებში უკვე ეს პრობლემა საბოლოოდ გადაწყვეტილი იქნება“,-განაცხადა მღებრიშვილმა.

საჭიროების შემთხვევაში, ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში მეტი ცოცხალი რესურსის ჩაერთვება

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის ბორჯომის ხეობაში, ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში 2500 ადამიანი მუშაობს, აგულაშვილის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში ცოცხალი ძალა გაიზრდება.

„დაახლოებით 2500 ადამიანი მუშაობს ყველა ლოკაციაზე, საჭიროების შემთხვევაში, თუ დავინახეთ, რომ საჭიროა უფრო მეტი ცოცხალი რესურსის ჩართვა, შტაბი მზად არის ამ გადაწყვეტილებების მისაღებად. ჩნდება ახალი კერებიც. ცეცხლის გაღვივებისთვის არ არის აუცილებელი მაინც და მაინც გრიგალი ამოვარდეს და მცირე ზომის ნიავსაც კი შეულძია, თუ კერა დარჩენილია, გააღვივოს და აქციოს ცეცხლად. ზუსტად ასეთ ფაქტებს აქვს ხოლმე ადგილი, ვხედავთ ჩვენ, რომ დილით არ არის კერა, მაგრამ ეტაპობრივად ის ძლიერდება ხოლმე და დამოკიდებული არის ნიავის ინტენსივობაზე. რაც შეეხება გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციას ამინდს პროგნოზთან დაკავშრებით, სამწუხაროდ წვიმას არ ველოდებით“,-განაცხადა აგულაშვილმა.

ევროკავშირმა ბორჯომის ხანძართან დაკავშირებით პროგრამა „კოპერნიკუსი“ აამოქმედა

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა. კარლო ნატალემ პრემიერ-მინისტრს, ევროკავშირის სახელით, ქართველი ხალხის და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა დაუფიქსირა და სხვადასხვა სახის დახმარების გაწევის მზადყოფნა გამოთქვა.

„ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ძალისხმევამ, რასაც საქართველო ახორციელებს სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაში“ – აღნიშნა კარლო ნატალემ. თავის მხრივ გიორგი კვირიკაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენელს დახმარების მზაობისთვის მადლობა გადაუხადა.

ბორჯომის ხეობაში არსებული ხანძრის შესახებ ინფორმაცია, ევროკავშირის კრიზისების მართვის ცენტრს, საქართველოს მთავრობამ ხანძრის პირველივე წუთებიდან მიაწოდა. თავის მხრივ ევროკავშირმა პროგრამა „კოპერნიკუსი“ აამოქმედა. აღნიშნული პროგრამა, ევროპაში, მასშტაბური ხანძრების შემთხევაში ხორციელდება და სტიქიის ზონების სატელიტურ დაკვირვებას უზრუნველყოფს.

ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებში აღმოსავლეთ სარდლობის 1000-ზე მეტი ჯარისკაცი ჩაერთო

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საგანგებო შტაბთან ჟურნალისტებს ესაუბრა და გუშინდელი ღამის შედეგები შეაჯამა. მისი განცხადებით, მიუხედავად სიტუაციის პერიოდული გაუარესებისა, საერთო ჯამში დადებით დინამიკა შეინიშნება.

„უკვე მეოთხე დღეა, ყოველდღიურად, მიუხედავად პერიოდულად სიტუაციების გაუარესებისა, საერთო ჯამში, გვაქვს დადებითი დინამიკა.

აქამდე გაწეული სამუშაოებიდან გამომდინარე, მივედით იმ მომენტამდე, როდესაც ჩვენ მიერ გაყვანილი გზების მეშვეობით, შეგვიძლია ფიზიკური წვდომა ცეცხლის ყველა ზონასთან. ამიტომ ამ ეტაპზე, უკვე დადგა უფრო მეტი ორგანიზებული ცოცხალი ძალის საჭიროება. გუშინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩართულიყო საჯარისო ნაწილი.

აღმოსავლეთ სარდლობის 1000-ზე მეტი კაცი შემოგვიერთდა. მათთან ერთად, ვინც აქამდე მუშაობდა ყველა ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას. უკვე ერთობლივი ძალებით დღეს დავამუშავებთ ცეცხლის ყველა ზონას და ვფიქრობთ, რომ დღის ბოლოს გვექნება გაცილებით უკეთესი დინამიკა. თუმცა როცა სტიქიასთან გვაქვს საქმე, პროგნოზების გაკეთება მაინცდამაინც სწორი არ არის. მაგრამ მე მგონია, რომ გამომდინარე იმ დინამიკიდან რაც გუშინდელი დღის ბოლოს გვქონდა და დღეს, უკვე გაერთიანებული ძალებით გვექნება, მივალთ იქამდე, რომ გადავალთ ცეცხლის საბოლოო ჩაქრობის ეტაპზე. ეს შეიძლება გაგრძელდეს გარკვეული პერიოდი, მაგრამ სანამ ბოლომდე არ მივიყვანთ ამ საქმეს, ერთობლივი შტაბი ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას.

​მოსახლეობას საფრთხეს ვაშორებთ. წუხელ საღამოს ერთ-ერთ ზონაში საკმაოდ გართულებული მდგომარეობა იყო, მაგრამ ჩვენ შევძელით საფრთხის აცილება. პრევენცია გაკეთებულია ყველა ზონაში, საფრთხე არავის ემუქრება. ამ დაგეგმარებით გავაგრძელებთ მუშაობას დღეს, ხვალ და ორი დღის შედეგებით ვფიქრობ, რომ საბოლოოდ გადავტეხავთ ამ სიტუაციას და გადავალთ ცეცხლის საბოლოდ ჩაქრობის ეტაპზე.

არდაგანში იყო წუხელ ცოტა გართულებული სიტუაცია, მაგრამ ავიაციისა და ცოცხალი ძალის მეშვეობით, შესაძლებელია ამ ზონის განეიტრალებაც, ისე რომ არ გართულდეს. ეს არის ერთ-ერთი ზონა რომელზეც კონცენტრირება ხდება. პრინციპში ორად არის გაყოფილი ცოცხალი ძალა, ერთი აქამდე არსებული ჯგუფი იმუშავებს წაღვერის მონაკვეთზე. დანარჩენ ზონებზე საჯარისო ნაწილსა და ცოცხალ ძალას განვათავსებთ და ავიაციასთან ერთად კომბინირებულად გავაგრძელებთ მუშაობას,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საგანგებო შტაბის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ხანძრის ყველა რთული კერა ლოკალიზებულია

სტიქიის ზონაში, დღის განმავლობაში მუშაობდა ავიაცია და ყველა რთული კერა ლოკალიზებულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო შტაბი ავრცელებს. მათი ცნობით, მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იყო როგორც ცოცხალი ძალა, ასევე მძიმე ტექნიკა.

„გაჭრილია ხანძრის კერებთან მისასვლელი გზები, საერთო ჯამში 12 კილომეტრი. სწორედ ამ გზების მეშვეობით უახლოვდება ცეცხლის კერებს მძიმე ტექნიკა. ხანძრის ძირითადი მონაკვეთები სპეციალური თხრილების რკალშია მოქცეული, რაც გავრცელების რისკს მინიმუმამდე ავრცელებს.

კვლავ აქტიურია, ის ადგილები, სადაც ცეცხლი ქარის შედეგად ხელახლა გაჩნდა. სტიქიის ზონაში მთელი ღამის მანძილზე გაგრძელდება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. შტაბის წევრებმა ვითარება შეაჯამეს და მომდევნო დღის სამოქმედო გეგმა დასახეს“, – აღნიშნულია საგანგებო შტაბის ინფორმაციაში.

სტიქიის სალიკვიდაციოდ შექმნილ საგანგებო შტაბში დღის ბოლოს სხდომა გაიმართა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებისგან სტიქიის სხვადასხვა ზონებში არსებული ვითარების შესახებ განახლებული ინფორმაცია მოისმინა.

ბორჯომის ხეობაში ვითარება გართულდა

ხანძარი მძვინვარებს არდაგანის სასაფლაოებთან. ცეცხლი მთის ქვედა ფერდობზე ჩამოვიდა და მიაუახლოვდა სასაფლაოებს. ადგილზე ამ წუთებში პრემიერ მინისრი და შსს მნისტრი მივიდნენ. მათ დავალებები გასცეს. მუშაობს 4 სახანძრო ბრიგადა, თუმცა დამატებით ძალასაც ელოდებიან.

ადგილზე დასახმარებლად უკვე მივიდნენ აზერბაიჯანელი მაშველები. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხანძარი, რომელიც ამ დროისთვის 2 კილომეტრით არის დაშორებული, სასაფლაოებს ნახევარ საათში მიაღწევს.

ბოლო ინფორმაცია სტიქიის ზონიდან

ბორჯომის ხეობაში სტიქიასთან ხუთდღიანი ბრძოლა, სავარაუდოდ, ფინალურ ეტაპზეა. წინა დღეებთან შედარებით, სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა. ბოლო საათების მონაცემებით, ხანძრის გავრცელების არეალის გაზრდის საფრთხე აღარ არსებობს. სპეციალური თხრილებით ლოკალიზებულია ცეცხლის თითქმის ყველა კერა, გარდა იმ წერტილებისა, რომლებიც ქარის გამო ხელახლა გაღვივდა. ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ ადგილიდან კვლავ სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორია რჩება. ინფორმაციას 1tv ავრცელებს

სტიქიის ეპიცენტრში ხანძრის ჩაქრობას 1 800-მდე ადამიანი ცდილობს. სამაშველო ოპერაციაში დღესაც ჩართულია ავიაცია. ბოლო ინფორმაციით, მასშტაბურმა ხანძარმა ჯამში 100 ჰექტრამდე ტერიტორია გაანადგურა. თუ ამინდი არ გაუარესდება, საგანგებო შტაბი ცეცხლის დარჩენილი კერების ლოკალიზებას ხვალისთვის ვარაუდობს.

თურქული თვითმფრინავი ბორჯომის ხეობაში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ხვალიდან ჩაერთვება. 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილისთქმით , თურქული თვითმფრინავი ბორჯომის ხეობაში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ხვალიდან ჩაერთვება.

”თვითმფრინავმა წყლის მოგროვება ვერ შეძლო. დაახლოებით 20 კილომეტრში აქედან არის ტაბაწყურის ტბა, სადაც მას რეზერვუარი უნდა აევსო, თუმცა ამის გაკეთება ვერ შეძლო, ვინაიდან დაბნელდა. ხვალ, დილის 06:00 საათიდან ის ჩაერთვება ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში”, – განაცხდა შსს მინისტრმა.

რაც შეეხება ბელარუსიულ ვერტმფრენს, გიორგი მღებრიშვილის თქმით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოში ჩამოსვლისთანავე ჩაერთვება.

ზურაბ ალავიძე -მოსახლეობას სოფელ დაბაში და სოფელ წაღვერში საფრთხე არ ემუქრება.

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში, სადაც ცეცხლის კერებს ებრძვიან, საგრძნობლად უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე დღეს შუადღეს იყო.

,,ვერ ვიტყვი, რომ ხანძარს მთლიანად ვაკონტროლებთ, მაგრამ მდგომარეობა უკეთესი გვაქვს, ვიდრე გვქონდა დილით ან გუშინ ღამე, – ”

„ბოლო ინფორმაციით, საგრძნობლად უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე შუადღეს იყო. ვერტმფრენს ბელარუსიდანაც ველოდებით, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი ვერტმფრენია. ის 15 ტონით მეტ წყალს იღებს, ვიდრე ჩვენი ვერტმფრენი“, – ამბობს მინისტრი.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მოსახლეობას სოფელ დაბაში და სოფელ წაღვერში საფრთხე არ ემუქრება.

ალავიძის თქმით, მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე შესაბამისი სამსახურები დარჩებიან.

”მობილიზებულები ვიქნებით მთლიანად. მთელი ღამის განმავლობაში ვიმუშავებთ. დავაკვირდებით ხანძრის კერებს. ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა. ხვალ, დილის 06:00 საათიდან უკვე ავიაციაც მოგვეხმარება. იმუშავებს 5 ვერტმფრენი. ასევე თურქეთიდან დაგვემატა დიდი თვითმფრინავი, რომელიც ჩაერთვება ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში. ხვალვე ველოდებით დიდ ვერტმფრენს ბელორუსიდან. ეს არის МИ-26 -ის ტიპის ვერტმფრენი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდია. რომ შევადაროთ 5-ჯერ უფრო მეტი წყლის გაფრქვევა შეუძლია ვიდრე იმ ვერტმფრენებს, რომლებიც ახლა მუშაობდნენ. პანიკის საბაბი არ გვაქვს იმ კუთხით, რომ მოსახლეობას ამ მომენტისთვის არაფერი არ ემუქრება”, – განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

ალავაიძეს თქმით  ის ადამიანები, ვინც მოხალისეებად მუშაობენ, მისი უწყების თანამშრომლები არიან, რომლებიც გარკვეულნი არიან თავთავიანთი მიმართულებებით.

 

ჯანდაცვის მინისტრი  ბორჯომის  ხეობაში  მყოფ მოქალაქეებს რეკომენდაციით მიმართავს.

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ბორჯომის ხეობაში მყოფ ქრონიკული დაავდებების მქონე მოქალაქეებს რეკომენდაციით მიმართავს. მინისტრის თქმით,  ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები და ბავშვები, ვინც ამჟამად ბორჯომში, სტიქიის ზონასთან ახლოს არიან, სასურველია გარეთ ყოფნას მოერიდონ. მინისტრის თქმით, სასწრაფო დახმარების ბრიგადები მობილიზებულები არიან, რათა საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ ადამიანს აღმოუჩინონ დახმარება.

„მიუხედავად იმისა, რომ დაკვამლიანების ხარისხი მაღალი არ არის, საკმაოდ საგრძნობი არის ნაცრის ნაწილაკების შემცველობა ჰაერში, ეს შეიძლება პოტენციური რისკი იყოს პატარა ბავშვებისთვის და ასევე მოზრდილებისთვის, ვისაც აქვს რაიმე სახის ქრონიკული დაავადებები, ამიტომ ცალსახა გადაზღვევისაკენ მიმართული რეკომენდაცია იქნება, რომ ბავშვებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე მოზრდილებმა თავი შეიკავონ გარეთ ყოფნისგან, იყვნენ სახლებში და გამოიყენონ პირბადეები“,-განაცხადა სერგეენკომ.

პრემიერის განცხადებით, ცეცხლის ჩასაქრობად სამი ვერტმფრენი მუშაობს, თურქეთიდან გზაშია 2 ვერტმფრენი

ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადება პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.

„ამ ეტაპზე უკეთესი ვითარებაა, მონიშნულია ჩასაქრობი ზონები, მუშაობს 3 ვერტმფრენი, თურქეთიდან გზაშია კიდევ 2 ვერტმფრენი, სამწუხაროდ, დილით ძლიერი ქარის გამო, ვერ ჩამოფრინდნენ თუმცა, დაახლოებით ორ საათში ისინიც ჩაერთვებიან და ვფიქრობ, ღამისთვის გაცილებით უკეთესი ვითარება გვექნება. ამ ეტაპზე მუშაობს ცოცხალი ძალა, მეხანძრე-მაშველები, ადგილობრივი მაშველები მთის კურორტების განვითარების კომპანიიდან და რაც საჭიროა, ყველაფერი კეთდება. ყველაზე მძიმე ვითარება გვაქვს ერთ კერაზე, რომელზეც მიმართულია მთელი ძალა, ხდება ტუმბოებით წყლის ატანა, ეკიპაჟები იმუშავებენ ზედა მხრიდან და ვფიქრობთ, ჩავაქრობთ ხანძარს. ხანძრის გავრცელების საფრთხე რა თქმა უნდა არსებობს თუ ქედი არ ჩავაქრეთ, ქედის ჩაქრობის შემდეგ მწვავე ფაზა გადაივლის“,-განაცხადა კვირიკაშვილმა.

ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 400-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და შსს-ს  550 თანამშრომელია ჩართული

ბორჯომში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 400-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მონაწილეობს, რომელთაც შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 550 თანამშრომელი ეხმარება. როგორც News.ge-ს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ამჟამად ხანძრის ლიკვიდაციას გაძლიერებული ქარი უშლის ხელის.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გააკეთა

ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახტანგ გომელაურმა გააკეთა. მისი განცხადებით, ვითარება საკმაოდ რთულია, თუმცა კონტროლირებადი. გომელაურის განცხადებით, ავიაცია და ცოცხალი ძალა მუშაობს იმ წერტილებში, სადამდეც მისვლაა შესაძლებელი.

„რამდენ ხანში მოხდება ხანძრის ლიკვიდაცია, ამას ვერ ვიტყვით, რთულია, პატარ-პატარა კერები ჩნდება, რა თქმა უნდა, გაღვივებული ნაკვერჩხლები გადადის სხვადასხვა ადგილას, მაგრამ მუშაობენ, ფიზიკურადაც, ვერტმფრენებიც მუშაობს, მძიმე ტექნიკაც მუშაობს და სახანძრო მანქანებიც მუშაობენ.

კიდევ დაემატება ავიაცია, ორი ვერტმფრენი  თურქეთიდან, ასევე საუბარია თვითმფრინავზე  სხვა ქვეყნიდან ჯერჯერობით არ განიხილება. ასეთი სტიქიური უბედურებები, როგორიც არის ხანძარი, უდიდესი ქვეყნებისთვისაც, აშშ-ში, კალიფორნიისთვის, რომელიც განთქმულია მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მეხანძრეებით, მათაც კი უჭირთ, ყოფილა ძალიან ხანგრძლივი, ორკვირიანი, ერთთვიანი ხანძრები, რომ ვერ ჩაუქრიათ. რესურსის პრობლემა აშშ-შიც, ესპანეთშიც, საფრანგეთშიც დგას“,-განაცხადა გომელაურმა.

საქართველოს პრეზიდენტი ბორჯომის რეგიონში გავრცელებულ ხანძარს გამოეხმაურა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საგანგებო ბრიფინგზე ბორჯომის რეგიონში გავრცელებულ ხანძარს გამოეხმაურა. მარგველაშვილმა პირველ რიგში მადლობა სამაშველო-სახანძრო სამსახურის წარმომადგენლებს გადაუხადა. პრეზიდენტმა ასევე მეზობელი სახელმწიფოების აზერბაიჯანისა და თურქეთის დახმარებასაც გაუსვა ხაზი. მისივე განცხადებით ადგილზე მაღალი კოორდინაციაა და პრემიერ-მინისტრი სხვა მინისტრებთან ერთად უშუალოდაა ჩართული ხანძართან გამკლავების პროცესში.

პრეზიდენტმა სამოქალაქო ორგანიზებისთვის მოხალისეებს მადლობა გადაუხადა და მოუწოდა მხოლოდ შტაბთან შეთანხმებით იმოქმედონ. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით დასახლებულ პუნქტებს საშიშროება არ ემუქრება და სამუშაოები ხანძრის ლოკალიზებისკენაა მიმართული. მისი თქმით, ოპერატიულად მუშაობს შესაბამისი ადგილობრივი სტრუქტურები და მედიაც, რომელიც საზოგადოებას ინფორმაციას აწვდის.

  

გამთენიისას ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთო 2 ქართული და 1 აზერბაიჯანული ვერტმფრენი

ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, საგანგებო შტაბი განცხადებას ავრცელებს. განცხადება პრემიერმინისტრის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა. როგორც განცხადებაში წერია, გამთენიისას სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთო 2 ქართული და 1 აზერბაიჯანული ვერტმფრენი, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა რომლებმაც ღამით, არჯევანიძის ტყიდან თორთის გზამდე 3 კილომეტრიანი გზა გაჭრეს, რამაც შესაძლებელი გახადა ხანძრის მთავარ კერამდე ტექნიკის შეუფერხებელი გადაადგილება.

„ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში სრული დატვირთვით მიმდინარეობდა, ბოლო ინფორმაციით, დამწვარია რამდენიმე ათეული ჰექტარი ფართობი, ხანძრის კერების ლოკალიზებისა და შემდგომი ლიკვიდაციის მიზნით, მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება. საგანგებო შტაბი, მთავრობა, პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.
გამთენიისას სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთო 2 ქართული და 1 აზერბაიჯანული ვერტმფრენი, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა რომლებმაც ღამით, არჯევანიძის ტყიდან თორთის გზამდე 3 კილომეტრიანი გზა გაჭრეს, რამაც შესაძლებელი გახადა ხანძრის მთავარ კერამდე ტექნიკის შეუფერხებელი გადაადგილება. ქართულ და აზერბაიჯანულ ვერტმფრენებთან ერთად, რამდენიმე საათში, საავიაციო სამუშაოებში ჩაერთვება თურქული მხარეც, რომელიც დამატებით 2 ვერტმფრენს გამოაგზავნის. ამ დროისათვის არ არსებობს ხანძრის დასახლებულ პუნქტებზე გადასვლის საფრთხე.
მთელი ღამე შეუჩერებლად მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ადგილზე იმყოფება 300- ზე მეტი მაშველი. 100 – ზე მეტი ტყის მცველი, უსაფრთხოების სამსახურის, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინსიტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, სამცხე-ჯავახეთის გუბერნიის, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, ასევე, ეროვნული სატყეო სააგენტოს, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის და სახანძრო სამსახურების, მთის კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელები და წარმომადგენლები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ადგილზე რჩება და საგანგებო შტაბის მუშაობას უშუალოდ ხელმძღვანელობს“, – წერია განცხადებაში. 

მესხიძეების ოჯახი სოფელ დაბიდან ევაკურიებულია

ბორჯომის გამგებლის, დიმიტრი ყიფიანის ინფორმაციით, ბორჯომის პოლიცია მესხიძეების ოჯახის ევაკუაციის ფაქტს ადასტურებს. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელ დაბაში მცხოვრები ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვდა.

ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გუშინ დღისით გაჩნდა. ძლიერი ქარის გამო ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

სოფელ დაბაში ხანძრის ჩაქრობის პროცესში აზერბაიჯანელი მფრინავებიც ჩაერთვებიან

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის განცხადებით, აზერბაიჯანული მხარის გადაწყვეტილებით, სოფელ დაბაში ხანძრის ჩაქრობის პროცესში აზერბაიჯანელი მფრინავებიც ჩაერთვებიან. ინფრომაციას ამის შესახებ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.

„აზერბაიჯანმა მეგობრობის ხელი გამოგვიწოდა, გამოგვიგზავნა სამაშველო ვერტმფრენი, რომელიც აღჭურვილია სპეციალური მოწყობილობებით, რაც გულისხმობს მდინარის კალაპოტიდან წყლის აღებას და ტყის მასივზე დასხმას. მაჭუტაძე.ვერტმფრენის მონაცემები, აქვს თუ არა ღამის ხედვა უცნობია. აზერბაიჯანელი მფრინავები, როგორც მინიმუმ, დილიდან მაინც დაიწყებენ მუშაობას“, – განაცხადა მაჭუტაძემ.

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის ინფორმაციით, აზერბაიჯანული ვერტმფრენი უკვე გზაშია. 

ძლიერი ქარი წაღვერის ხეობაში ხანძრის გაძლიერებას იწვევს

https://news.ge/wp-content/uploads/2017/08/video-1503318961.mp4

მეტეოროლოგიური პირობების გართულების გამო, ამ დრომდე ვერ ხერხდება წაღვერის ტყეში ცეცხლის ლოკალიზება. ხეობაში ძლიერი ქარია, რაც ხანძრის გაძლიერებას იწვევს.

„ძლიერი ქარი არის მთის ფერდზე და აქედან გამომდინარე არის ცეცხლი გაღვივებული. ადგილზე მობილიზებული არის ცოცხალი ძალა, როგორც სამაშველო სამსახურის 112-ის დეპარტამენტის, ასევე სატყეო დეპარტამენტის, ვერტმფრენი მუშაობს, ასევე სპეცტექნიკა არის მობილიზებული. ამ მომენტისათვის გავრცელების საშიშროება, მასშტაბური სახე რომ მიიღოს, არ არის, ეს რაც იწვის, გუშინდელი ლოკაციის ადგილი არის“,-განაცხადა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ.

შს მინისტრი ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშოებს აკვირდება

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი ბორჯომის მუნიციპალიტეტში ჩავიდა და შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო. შს მინისტრმა, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორთან – აკაკი მაჭუტაძესთან ერთად, ვერტმფრენით დაათვალიერა ხანძრის გავრცელების არეალი და პირადად მივიდა იმ ტერიტორიაზე, სადაც მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ქრობის სამუშაოებს ასრულებენ.

მიმდინარე წლის 20 აგვისტოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან, მთის ფერდობზე, ხანძარი გაჩნდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, შეტყობინების მიღებისათანავე, მყისიერად ჩაერთნენ ცეცხლის სალოკალიზაციო სამუშაოებში. ხანძრის ქრობის პროცესში, ასევე, აქტიურად მონაწილეობდა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერებამდე სახანძრო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდებოდა, რის გამოც სოფელ ყვიბისის მიმდებარე ტერიტორიიდან გზა გაიჭრა, რამაც ხანძრის ეპიცენტრში სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა შესაძლებელი გახადა.

200-მდე მეხანძრე-მაშველი ცეცხლის კერებს მთელი ღამის განმავლობაში აქრობდა. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.

ამჟამად, ხანძარი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს მისი სალიკვიდაციო სამუშაოები.

წაღვერის ტყეში გაჩენილი ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია

წაღვერის ტყეში გაჩენილი ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია. დარჩენილია რამდენიმე მცირე კერა, რომელსაც ვერტმფრენიდან აქრობენ. ადგილზე 200-მდე მაშველი-მეხანძრე მუშაობს, მათ თბილისიდან ჩასული მოხალისეები ეხმარებიან.

„ფაქტობრივად ლოკალიზებულია და შეჩერებულია ცეცხლის წინსვლა. ძირითადი ჯგუფი არის ზემოთ ქედზე, ახლა იქ არის საშიშროება, რომ ცეცხლი ისევ გავრცელდეს დანარჩენ ზონებზე. ჩვენ დავეხმარებით ხეებისა და მორების მოშორებაში ძირითადი ზონიდან, რომელსაც ჯერ კიდევ ცეცხლი უკიდია“,-განაცხადა ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქაცარავამ.

სოფელ დაბასთან ხანძარი დაახლოებით ერთ ჰექტარზეა გავრცელებული

https://news.ge/wp-content/uploads/2017/08/IMG_6914-1.mp4

სოფელ დაბასთან ხანძარი დაახლოებით ერთ ჰექტარზეა გავრცელებული, მის გავრცელებას ძლიერი ქარი უწყობს ხელს, – ამის შესახებ პირველ არხს ​ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დიმიტრი ყიფიანმა განუცხადა.

„დაახლოებით ჰექტარს მოიცავს გავრცელებული ხანძარი. გაიზარდა დამწვარი ტერიტორია, რადგან ძალიან ძლიერი ქარია, რომელიც ხელს უწყობს გავრცელებას და ხელს უშლის ლოკალიზებას. ვერტმფრენი უკვე გზაშია, წუთი წუთზე ველოდებით და ჩაერთვება სამუშაოებში. აქ ადგილზე მობილიზებულია სატყეო ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი, შსს-ს წარმომადგენლები და ასევე ადგილობრივი მოხალისეები“, – აღნიშნა ყიფიანმა. 

მისივე თქმით, ხანძრის დასახლებულ პუნქტამდე გავრცელების საშიშროება არ არსებობს, რადგან ტერიტორია რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული მოსახლეობამდე და შესაბამისად, ევაკუაციის საჭიროებაც არ არსებობს.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონის, ბორჯომის რაიონის სოფელ დაბას ტერიტორიაზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადამწვარი ტყის ფართობს ცეცხლი უკიდია. ხანძარი დაახლოებით 500 კვ.მ ფართობზეა გავრცელებული. ხანძრის ლოკალიზება გართულებულია ქარის გამო. ადგილზე მობილიზებული არიან ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლები, ადგილობრივი სახანძრო, პოლიცია, სამაშველო სამსახური და ელოდებიან ვერტმფრენს. ადგილზე იმყოფება ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად მაღალი ტემპერატურა სახელდება.
ფოტომასალა მოწოდებულია მომხმარებლის მიერ.

კომენტარები

გიორგი აბაშიშვილი გიორგი მღებრიშვილი დაბა ვერტმფრენები ვიდეორეპორტაჟი ზურაბ ალავიძე კვირკაშვილი მარველაშვილი მღებრიშვილი ღუდუშაურის საავადმყოფო შს წაღვერი ხანძარი 2017-08-28
Tags გიორგი აბაშიშვილი გიორგი მღებრიშვილი დაბა ვერტმფრენები ვიდეორეპორტაჟი ზურაბ ალავიძე კვირკაშვილი მარველაშვილი მღებრიშვილი ღუდუშაურის საავადმყოფო შს წაღვერი ხანძარი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

რიო დე ჟანეიროს სანაპიროსთან პატარა ვეშაპი გამოირიყა

შემდეგი სტატია

სირიაში კიდევ ერთი პანკისელი დაიღუპა

მსგავსი სტატიები

ავიაკატასტროფა ალჟირში – ბორტზე 200 მგზავრი იმყოფებოდა

ავიაკატასტროფა ალჟირში – ბორტზე 200 მგზავრი იმყოფებოდა

11 აპრ 2018

ნაციონალური მოძრაობა დღეს აქციას გამართავს

15 ოქტ 2017

„დღეს შეუძლებელია იმაზე საუბარი, რა მოუვა სამომხმარებლო ტარიფს“

12 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • გივი ღამბაშიძე და ,,გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე”  (ვიდეო)

    გივი ღამბაშიძე და ,,გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” (ვიდეო)

  • რომის პაპი კლინიკაში გადაიყვანეს

    რომის პაპი კლინიკაში გადაიყვანეს

  • შსს: პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულია პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციელებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ცეცხლი წაუკიდა ავტომობილს

    შსს: პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულია პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციელებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ცეცხლი წაუკიდა ავტომობილს

  • ვოლოდიმირ ზელენსკი დემოკრატიის სამიტზე: დემოკრატიას გამარჯვება სჭირდება ახლავე! წელს! ბოროტებამ ომი უნდა წააგოს

    ვოლოდიმირ ზელენსკი დემოკრატიის სამიტზე: დემოკრატიას გამარჯვება სჭირდება ახლავე! წელს! ბოროტებამ ომი უნდა წააგოს

  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი: პუტინი, შესაძლოა, 27 აპრილს თურქეთში ჩამოფრინდეს

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი: პუტინი, შესაძლოა, 27 აპრილს თურქეთში ჩამოფრინდეს

  • ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაბალში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

    ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაბალში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

  • რა საინტერესო ფაქტები იმალება თეთრი ფერის მიღმა

    რა საინტერესო ფაქტები იმალება თეთრი ფერის მიღმა

  • დღე ისტორიაში – 30 მარტი

    დღე ისტორიაში – 30 მარტი

  • ალექსი რეზნიკოვი: კონტრიერიშები იგეგმება რამდენიმე მიმართულებით – ვფიქრობ, მათ აპრილ-მაისში ვნახავთ

    ალექსი რეზნიკოვი: კონტრიერიშები იგეგმება რამდენიმე მიმართულებით – ვფიქრობ, მათ აპრილ-მაისში ვნახავთ

  • რატომ არ დაუშვა კონკურსზე ბექა ქურხულის წიგნი – „საბა“  წერილს აქვეყნებს

    რატომ არ დაუშვა კონკურსზე ბექა ქურხულის წიგნი – „საბა“ წერილს აქვეყნებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge