„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერის გიგა ბოკერია დაკითხვა დასრულდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მის სატელეფონო საუბრებზე მიმდინარეობდა ფარული მიყურადება.
„ შემატყობინეს, რომ მიმდინარეობდა ფარული მიყურადება. გამოძიება საერთოდ რომ გრძელდება, არის დემონსტრირება იმ დიდი პრობლემის, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს, როდესაც ივანიშვილის დაკვეთით ის ორგანოები, რომლებიც ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებას უნდა იცავდნენ და ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომ პრობლემებს უნდა ებრძოდნენ, დაკავებულნი არიან ასეთი პოლიტიკური და შეთითხნილი ბოდვის გამოძიებით. თუ გააგრძელებენ ჩემს მიყურადებას, მათ ახალი განჩინების აღება მოუწევთ“, – განაცხადა ბოკერიამ.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილისთვის ახალი ბრალდების წაყენების საკითხს, ბოკერია ამბობს, რომ ვერაფერს გამორიცხავს.
„იმ აბსურდიდან, რასაც სახელმწიფო გადატრიალების საქმე გულისხმობს, ვერაფერს გამოვრიცხავ, თუმცა ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა ჩვენ ქვეყანას სხვა ქვეყნების თვალში უკვე დიდი ზიანი და დარტყმა მიაყენა პოლიტიკური დევნით, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მიმართ და სავარაუდოდ მთავრობა ამას გააგრძელებს, რადგან მეტი არაფერი იცის ამ ტიპის ქმედებების გარდა“, – დასძინა ბოკერიამ.
გიგა ბოკერია დაკითხვაზე მოდულის შენობაში იმყოფება
სახელმწიფო უსაფრთხოების შენობაში პარლამენტარი გიგა ბოკერიაც შევიდა. გვარამიას მსგავსად, ბოკერიამაც შენობაში შესვლის წინ კომენტარი არ გააკეთა
გვარამია: არ არის გამორიცხული, სააკაშვილს ახალი ბრალი წაუყენონ
რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაკითხვა დასრულდა. მან მოდულის შენობა ცოტა ხნის წინა დატოვა. მისი დაკითხვა დაახლოებით 15 წუთი გაგრძელდა.
გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნა შესრულდა და მას აცნობეს, რომ მიმდინარეობდა მის ტელეფონზე ფარული მიყურადება და ჩაწერა, თუმცა საინტერესო ვერაფერი აღმოაჩინეს. „საქმის მასალები ძალიან დიდია, ამიტომ გაცნობა არც გვიცდია. გავეცანით მხოლოდ იმას, რაც საინტერესო იყო, კერძოდ განჩინებას და გარკვეულ მასალებს,“- განაცხადა გვარამიამ.
რუსთავი 2-ის დირექტორს გამომძიებელმა აუხსნა, რომ გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა რადგან საქმის მთავარი ფიგურანტი არის მიხეილ სააკაშვილი და მის წინააღმდეგ აღძრული საქმეები ეკონომიკური ხასიათისაა, ამის საფუძველზე მისი ექსტრადაცია შეუძლებელია.
„ არ არის გამორიცხული, მას ბრალი წაუყენონ ისეთი ტიპის საქმისთვის, რომელიც უკრაინის ხელისუფლებას მისი საქართველოში ექსტრადირების შესაძლებლობას მისცემს. ეს ჩემი ვარაუდია, თუმცა საკმაოდ ლოგიკური და დასაბუთებული,“- განაცხადა გვარამიამ.
მან კომენტარი გააკეთა ასევე რუსთავი 2-ში დამონტაჟებულ კამერებთან დაკავშირებით. „რუსთავი 2-ის გარშემო დამონტაჟებულ კამერებზე ჩვენ არაერთხელ მოვითხოვეთ ახსნა-განმარტება, თუმცა პასუხი არ მივიღია. ეს კამერები მარტო გარეთ არ არის დამონტაჟებული, შიგნითაც აღმოვაჩინეთ. რუსთავი 2 არის ხელისუფლების ნომერ პირველი მტერი და მას უთვალთვალებს, სანამ ეს ხელისუფლება იქნება,“- დასძინა ნიკა გვარამიამ.
ნიკა გვარამია მოდულის შენობაში გამოცხადდა
სამ საათზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბარებული „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ე.წ. მოდულის შენობაში უკვე გამოცხადდა. გვარამიამ შემობაში შესვლის წინ კომენტარი არ გააკეთა.
როგორც უწყებაში ამბობენ ნიკა გვარამია არა დასაკითხად, არამედ კონტრდაზვერვის დეპარტამენტში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი მასალების გასაცნობად არის დაბარებული. „საქმე საიდუმლოა და დეტალებს ადგილზე გავაცნობთ პროცედურის მიხედვით. საქმეს გაეცნობა კონტრდაზვერვის საგამოძიებო მთავარ სამმართველოში“, – განაცხადეს სუს-ში.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ დაკითხვაზე დაიბარეს. მისი ინფორმაციით, ის დაკითხვაზე სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე 2015 წელს დაწყებული გამოძიების ფარგლებშია დაბარებული.
სახალხო დამცველი სუს-ში ბოკერიასა და გვარამიას დაბარებას გამოეხმაურა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „ევროპული საქართველოს“ ერთერთი ლიდერის გიგა ბოკერიასა და სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაბარებას სახალხო დამცველი გამოეხმაურა. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან არათანმიმდევრული მიდგომა იკვეთება, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ მოხდა მათი დაბარება აუცილებელი ორი წლის შემდეგ.
„გარკვეული კითხვის ნიშნები ჩნდება, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 2 წელია გასული, დღეს რატომ გახდა დაბარება აუცილებელი, ამასთან დაკავშირებიოთ ვხედავთ, რომ მიდგომა არათანმიმდევრულია საგამოძიებო ორგანოების მხრიდან და ალბათ აქ გარკვეული კითხვის ნიშნები ნამდვილად არსებობს“,-განაცხადა ნანუაშვილმა.
ნიკა გვარამია და გიგა ბოკერია სუს-ში დაიბარეს
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი გამოკითხვსაზე დაიბარეს. ნიკა გვარამიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ ჩვენების მისაცემად საგამოძიებო უწყებაში ხვალ, 15:00 საათზე უნდა გამოცხადდეს. მისი თქმით, საქმე 2015 წელს, უკრაინულ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას სავარაუდო საუბრის ჩანაწერს ეხება. საქმე სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მუხლით არის აღძრული. ამავე საქმეზე დაკითხვაზე დაბარებულია „ევროპული საქართველოს“ ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია.
„დამიკავშირდნენ დღეს, დილით და როგორც სატელეფონო საუბრიდან მივხვდი, ე.წ. სახელმწიფო გადატრიალების საქმეს ეხება ეს ამბავი. ეს არის პოლიტიკური დავალება, ეს არის ის პრობლემა, რაც კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რა უნდა შეიცვალოს ამ ქვეყანაში, ეს არის ივანიშვილის რეჟიმის მმართველობა, რომელიც ასეთ რამეზე ხარჯავს ჩვენს საერთო რესურსებს, ეს არის მთავარი პრობლემა, რა თქმა უნდა, ეს ხშირად ემთხვევა წინასაარჩევნო პერიოდს“,-განაცხადა ბოკერიამ.
კომენტარები