სააქციო საზოგადოება „თელასმა“ ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების დადგენის მიზნით, სემეკ-ში განაცხადი წარადგინა.
„თელასის“ განმარტებით, საქართველოს კანომდებლობის მოთხოვნის თანახმად, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში აღნიშნული განაცხადის ყოველწლიურად წარდგენა კომპანიის ვალდებულებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას სანქციები დაეკისრება.
როგორც news.ge-ს სემეკ-ში განუცხადეს, საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებით, კომისია 18 აგვისტოს სხდომაზე იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ვადებში გამოცხადდება ახალი ტარიფი.
„ეს არის კანონით განსაზღვრული პროცედურები, რომელიც ყოველწლიურად ტარდება, რადგანაც სატარიფო მეთოდოლოგია ითვალისწინებს ტარიფების ყოველწლიურ, გეგმურ გადახედვას“, – აცხადებენ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში.
ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენის მიზნით გეგმური განაცხადი სემეკ-ში ასევე შეიტანა შპს „ვარდნილჰესების კასკადმა“; ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის დადგენის მიზნით – „საქრუსენერგომ“; ელექტროენერგიის გადაცემის და დისპეტჩერიზაციის ტარიფების დადგენის მიზნით – „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“; გარანტირებული სიმძლავრის საფასურის და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენის მიზნით – შპს „გარდაბნის თბოსადგურმა“.
კომენტარები