20 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე მისი მეგობარი დააკავეს

თემქაზე 20 წლის გოგონამკვლელობის საქმეზე მისი მეგობარი დააკავეს, ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა,  მამუკა ჭელიძემ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ თემქის დასახლებაში მომხდარი ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა 1997 წელს დაბადებული ლ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 22 თებერვალს, თბილისში, თემქის დასახლებაში, შურისძიების მოტივით, მის მეგობარს, 1997 წელს დაბადებულ ა.ნ.-ს ცივი იარაღით, სხეულის  სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ერთობლივად ჩატარებულ ოპერატიულ- საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“,-განაცხადა ჭელიძემ.