16 წელი მიუსაჯეს ზღვაში დაღუპული მოზარდის საქმეზე დაკავებულს

პროკურატურის ინფორმაციით, ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვნების მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულ პირს საქალაქო სასამართლომ 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
როგორც საგამოძიებო უწყება წერს, მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 4 ივლისს, ს სანაპიროზე, ბრალდებულმა და მასთან ერთად მყოფმა ორმა პირმა, სასეირნო-გასართობ სწრაფმავალ კატარღაზე მიბმულ ე.წ. „ბანანზე“, გართობის მიზნით 4 მოზარდი, სამაშველო ჟილეტების გარეშე აიყვანეს.
“კატარღის საჭესთან მყოფმა ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით “ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ. ასევე, მან ერთ-ერთ არასრულწლოვანს სამაშველო ჟილეტი წაართვა, რომელიც დაზარალებულმა ზღვაში ჩავარდნის შემდგომ ჩაიცვა. ამასთან, ბრალდებულმა ბავშვებისთვის აუცილებელი დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობა მასთან ერთად კატარღაზე მყოფ ორ პირსაც არ მისცა და მათთან ერთად შემთხვევის ადგილი დატოვა. სამმა არასრულწლოვანმა სანაპიროზე უსაფრთხოდ გასვლა მოახერხეს და სიკვდილს გადაურჩნენ, ხოლო ერთი მოზარდი ზღვაში დაიხრჩო, რომლის ცხედარი 2023 წლის 7 ივლისს აღმოაჩინეს”, – წერია პროკურატურის განცხადებაში.
დაკავებულს ბრალდება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით წარედგინა.
პროკურატურაში, ასევე აცხადებენ, რომ ამავე საქმეზე, კატარღაზე მყოფ ორ პირს ბრალდება წარდგენილი აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით [განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობა], რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულების მიმართ საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ