ბორდოში გამოფენა „საქართველო – მეღვინეობის აკვანი“ გაიხნსა

საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში დღეს ოფიციალურად გაიხსნა გამოფენა – „საქართველო – მეღვინეობის აკვანი“. 

ქართული გამოფენის ფარგლებში, ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში წარმოდგენილია უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნიმუშები საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან, რომლებიც ადასტურებს, რომ საქართველო უძველესი ღვინის ცივილიზაციის ქვეყანაა .გამოფენა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.

“მართალია, ღვინო ფრანგული იდენტობის არსებითი ელემენტია და ფრანგებს მეღვინეობის დიდი კულტურა აქვთ, მაგრამ რაც შეეხება საქართველოს, არსებობს ღვინის კულტი და მეღვინეობის კულტურაც. არის ასეთი ქართული ხალხური გამოთქმა, ვაზო, შვილივით ნაზარდო.  ეს სიტყვები ნათლად მეტყველებს იმ სიყვარულსა და ზრუნვაზე, რომლითაც ქართველები ეკიდებიან მევენახეობას. სამწლიანი კვლევის შემდეგ, შვიდი ქვეყნის წამყვანმა სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა.ღვინის უძველესი ნარჩენები აღმოჩენილია საქართველოში და მოწინავე ლაბორატორიებში ჩატარებული ექსპერტიზის მონაცემებით, 8000  წლის წინანდლად თარიღდება. გარდა ამისა, Vitis Vinifera-ს – ვაზის უძველესი ცნობილი სახეობის წიპწები აღმოჩენილია საქართველოში და ამავე პერიოდით თარიღდება. მინდა, ქართველი და უცხოელი მეცნიერების ჯგუფს მადლობა გადავხადო ჩვენი ქვეყნისათვის გაწეული შეუფასებელი სამსახურისათვის”-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. 

ექსპოზიცია, რომელიც ცენტრში ქართული ღვინის კულტურას წარმოაჩენს და ქართული მეღვინეობის უდიდეს და უწყვეტ 8 000-წლიან ისტორიას ასახავს, საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა მოამზადა.

ქართულ საგამოფენო სივრცეში, 3-თვიანი გამოფენის მანძილზე, მუდმივად ტარდება სხვადასხვა ღონისძიება – სამეცნიერო კონფერენციები, პრეზენტაციები, ღვინის პროფესიული დეგუსტაცია, რომელსაც მსოფლიოში აღიარებული ღვინის ექსპერტები უძღვებიან.

ასევე, რამდენჯერმე გაიმართა სპეციალურად გამოფენისადმი მიძღვნილი კულტურული და თემატური ღონისძიებები.

მსოფლიო ღვინის დედაქალაქ ბორდოში, რომელიც ყოველწლიურად 6 მილიონზე მეტ ტურისტს მასპინძლობს, ქართული ღვინის გამოფენა – „საქართველო – მეღვინეობის აკვანი“ 5 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

„ ოქტომბრის ჩათვლით, ბორდოსთან ერთად საქართველო უმასპინძლებს გამოფენას, სადაც გაიმართება სხვადასხვა საინფორმაციო ხასიათის წარმოდგენა, იქნება მაქსიმალური ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის, ჩვენი უძველესი კულტურის, ქართული ღვინის, ხელოვნების შესახებ. გამოფენაზე საქართველოს წარდგენას ხელმძღვანელობს სოფლის მეურნეობის მინისტრი. ღონისძიების განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, მინდა, ვთხოვო ყველა უწყებას, მაქსიმალურად ითანამშრომლოს ბატონ ლევან დავითაშვილთან, რათა საქართველო საუკეთესო კუთხით წარმოჩინდეს.” – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

ფოტოები ეკუთვნის პირველ არხს
">