„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესული ცვლილებების თანახმად, 1 იანვრიდან თბილისში დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტით გადაადგილება გამკაცრდა.
უფრო კონკრეტულად, დედაქალაქში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე შეზღუდვები შეეხებათ შემდეგი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებს:
· M3 (ავტომანქანები, რომლებიც განკუთვნილია ცხრაზე მეტი ადამიანის ტრანსპორტირებისთვის, მძღოლის ჩათვლით);
· N2 (სატვირთო მანქანები, განსაკუთრებული ექსპლუატაციის მანქანები და ასევე მსუბუქი მისაბმელიანი მანქანები);
· N3 (სატვირთო მანქანები, რომლებიც სპეციალიზებულია საქონლის ტრანსპორტირებაში).
აღნიშნული ტრანსპორტი მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობის პირველივე შემთხვევაში დაჯარიმდება 1000 ლარით, ხოლო გამეორების და ყოველ შემდეგ შემთხვევაში – 3000 ლარით. აქამდე ჯარიმის ოდენობა 100-100 ლარს შეადგენდა.
შეზღუდვა არ გავრცელდება:
· საჯარო დაწესებულების სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც ამ დაწესებულების საქმიანობის მიზნებისთვის გადაადგილდებიან;
· იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც ლურჯი და წითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალის გამოყენების უფლება აქვთ;
· მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე, აგრეთვე იმ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც გადაჰყავთ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დასაქმებულები, მოსწავლეები, სტუდენტები ან აღსაზრდელები;
· ასევე იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესითა და მის მიერვე განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ გაიცემა თანხმობა.
