ჯანდაცვის სამინისტროსთან, Evolution Georgia-ში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პროფკავშირი „ლაბორი“ გაფიცულებთან ერთად საპროტესტო აქციას მართავს

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, Evolution Georgia-ში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პროფკავშირი „ლაბორი“ გაფიცულებთან ერთად საპროტესტო აქციას მართავს.
სამინისტროსთან 10-მდე გაფიცული თანამშრომელია შეკრებილი და სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ წარმოდგენილი.
პროფკავშირი „ლაბორის” დირექტორის გიორგი დიასამიძის თქმით, ისინი ყველა ბერკეტს იყენებენ მოლაპარაკებების მშვიდობიანად დასასრულებლად.
„აქციები გაგრძელდება სრულ გამარჯვებამდე. ჯანდაცვის სამინისტროს 3 თვის განმავლობაში არაერთხელ მივმართეთ, რომ კანონით მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენოს და კომპანია მოლაპარაკებების მაგიდასთან დააბრუნოს. კომპანია ძალისმიერი მეთოდებით გაფიცულებზე ზემოქმედებას ცდილობს. გვინდა შევახსენოთ ჯანდაცვის მინისტრს, რომ მათ პასუხისმგებლობა აკისრიათ მოქალაქეებზე და შესაბამისად, უნდა იმოქმედონ ქვეყნისა და დასაქმებულთა ინტერესებიდან გამომდინარე.
კომპანიის მხრიდან მოლაპარაკებებზე მზაობა არ ყოფილა, პირიქით სიტუაციის ესკალაციას ახდენს და გაფიცულების მარგინალურ დაჯგუფებად გამოყვანას ცდილობს. მოლოდინი არ გაგვაჩნია, პოზიციის დაფიქსირება გვსურს, რომ ვინმემ არ თქვას, რომ ჩვენ რაიმე მექანიზმი არ გამოვიყენეთ მოლაპარაკებების მშვიდობიანად დასრულებისთვის”, – განაცხადა გიორგი დიასამიძემ.
ინფორმაციისთვის, “ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცულმა თანამშრომლებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას 12 აგვისტოდან მიმართეს. ისინი ითხოვენ მეტ დროს შესვენებისთვის, სამუშაო სივრცეში სანიტარული და ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას, უსაფრთხო და კომფორტულ სამუშაო გარემოს, სამუშაო სივრცეში ჯანსაღი კვების უზრუნველყოფასა და საკვებ ვაუჩერებს, სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესებას.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – მე ველი ყველანაირ რეპრესიებს, მათ შორის პირადად ჩემს მიმართ – 26 ოქტომბრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე რეჟიმი აუცილებლად გამოყრის სხვადასხვა ჩანაწერს ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით