ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა სიდნეის სავაჭრო ცენტრში უცნობი პირის მიერ დანით თავდასხმის შედეგად. რამდენიმე დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულია. მათ შორის ერთი ბავშვია. თავად თავდამსხმელი კი პოლიციამ მოკლა.
ერთ-ერთმა მოწმემ გაზეთ The Sydney Morning Herald-ს უთხრა, რომ თავდამსხმელი „დაბნეულად გამოიყურებოდა“ და ის დანით „წინ და უკან დარბოდა“.
თავდამსხმელის ვინაობა ჯერ დადგენილი არ არის, უცნობია მისი ქმედების მოტივები. პოლიცია ვარაუდობს, რომ ის მარტო მოქმედებდა.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანესმა სავაჭრო ცენტრის თავდასხმას “უკიდურესად თავზარდამცემი” უწოდა. მან პატივი მიაგო პოლიციელს, რომელმაც თავდამსხმელს ესროლა, ასევე სავაჭრო ცენტრის სტუმრებს, რომლებიც მის შეჩერებას ცდილობდნენ.
მიმდინარე კვირის განმავლობაში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ხელმძღვანელმა, კრისტოფერ რეიმ, განაცხადა, რომ აშშ-ში „კროკუსზე“ მომხდარი თავდასხმის მსგავსი ტერაქტის საშიშროება არსებობს.
· 22 მარტს, საღამოს, ავტომატებით შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლში“. შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა სულ მცირე 139 ადამიანი.
· თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო მსოფლიოში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთმა ფილიალმა („ხორასანი”).
· რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანახმად, დაკავებულია 11 პირი, მათ შორის თავდასხმის 4 უშუალო მონაწილე, რომლებიც ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან.